საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) საქართველოს გამარჯვებასა და ქართველი ჯარისკაცების უდანაშაულობაზე ისაუბრა.
ძამაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ბრალდებების ფონზე უწევდა მუშაობა, თითქოს ქართველი ჯარისკაცების დასასჯელად გროვდებოდა მტკიცებულებები, წლების შემდეგ, კი საზოგადოებამ დაინახა თუ რისთვის გროვდებოდა აღნიშნული მტკიცებულებები.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) თავის მხრივ, ომს იძიებდა, საერთაშორისო დანაშაულების ჩადენის მიმართულებით, აქ საინტერესო იყო ის რომ, როდესაც მტკიცებულებების შეგროვებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არის საწყის დღეები, პირველი პერიოდი, როდესაც გაცილებით ადვილია მტკიცებულებების შეგროვება, ვიდრე წლების შემდეგ, თუმცა წლების განმავლობაში ჰააგის სასამართლო აკვირდებოდა, იმას, თუ რა მტკიცებულებები მოგროვდა ეროვნულ დონეზე და უკვე 2015-დან მან გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო თვითონაც ჩართულიყო საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვენ, ვთანამშრომლობდით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რადგან ამ სასამართლოს წინაშეც დადგენილიყო რეალობა, თუ რა მოხდა 2008 წლის ომის დროს. ამ პერიოდში მტკიცებულებების შეგროვებას აფერხებდა ის გარემოება, რომ ჩვენ გვიწევდა მუშაობა მუდმივი ცილისწამების ქვეშ, რომ მტკიცებულებები გროვდებოდა ქართველი ჯარისკაცების დასასჯელად, მაშინ როდესაც, 2008 წლიდან იყო აღიარება გაკეთებული წინა ხელისუფლების მხრიდან, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენ გვიწევდა ამ ბრალდებების ფონზე მუშაობა თითქოს ქართველი ჯარისკაცების დასასჯელად გვინდოდა ეს მტკიცებულებები, წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ დაინახა თუ რისთვის გროვდებოდა ჩვენი ხელისუფლების მიერ ეს მტკიცებულებები, თუმცა ის პერიოდი იყო საკმაოდ რთული, მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რადგან ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად მტკიცებულებების შეგროვება და ცილისწამების ფონზე იყო გართულებული, მათ შორის, ამ გარემოებების შეფასება და მტკიცებულებების მოგროვება. საბოლოოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც საქართველოს სრული გამარჯვებით დასრულდა, რადგან არ დადასტურდა ბრალდება ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში იყო, შემდეგ ტალიავინის დასკვნაში, თითქოს, რომ ჩვენმა მხარემაც ჩაიდინა საერთაშორისო სამართლის დარღვევები და სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, ჩვენ შევძელით ეს ბრალდება გაგვექარწყლებინა და მხოლოდ გამოიკვეთა იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახლა წარმოება მხოლოდ ამ მიმართულებით გრძელდება,“ – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.