ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაჟღერებულ გარემოებებზე: ამ ყველაფრის ჩამდენი ადამიანები, პოლიტიკოსებისა თუ მედიის მანტიამოსხმულები დღესაც ცდილობენ ქვეყნის დაზარალებას, ამიტომ, დამნაშავეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი

„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა რომ აუცილებელი გახლდათ, ეს მისი მუშაობის პირველ დღესვე დადასტურდა“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე გაჟღერებული ორ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, ქართული არასამთავრობოების მიერ საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებსა და „ისკანდერის“ დაკარგულ ნაწილზე.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა რომ აუცილებელი გახლდათ, ეს მისი მუშაობის პირველ დღესვე დადასტურდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, „ევროსასამართლოში ქართულმა არასამთავრობოებმაც შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები – მაგალითად საქართველოს ედავებოდნენ, რომ ცხინვალი დაბომბეს ე.წ. გრადებით და შედეგად იქ მოსახლეობა დაიღუპა“ – ცხადია ეს იყო მიზანმიმართული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით დღესაც ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მეორე არანაკლები მავნებლობა იყო ისკანდერის ნაწილების სპეციალურად გადამალვა- „აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მთელ რიგ საქმეებზე მტკიცებულებები არ იყო საქმეში, მათ შორის „ისკანდერის“ ნაწილიც, ჩვენ წლების შემდეგ მოგვიწია მტკიცებულებების მოპოვება.“ ამ ყველაფრის ჩამდენი ადამიანები, პოლიტიკოსებისა თუ მედიის მანტია მოსხმულები დღესაც ცდილობენ ქვეყნის დაზარალებას. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, დამნაშავეებმა კი კანონის წინაშე აგონ პასუხი“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.