leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა წულუკიანი: ცესკო-მ 2004 წლის 18 აპრილის სხდომაზე ისე შეაჯამა არჩევნების შედეგები, რომ ორ ოლქში არჩევნები ჩატარებული არ იყო, ამით 60 ათას ამომრჩეველს წაერთვა არჩევნებში მონაწილეობის უფლება

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე ისაუბრა 2004 წლის 28 მარტის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც 2008 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა და მას ჰქვია „ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ“.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, „პარტიამ სახელმწიფოს უჩივლა და დაადანაშაულა იმაში, რომ 28 მარტის არჩევნების შედეგები ისე შეაჯამა ცესკო-მ 2004 წლის 18 აპრილის სხდომაზე, რომ არ იყო ჩატარებული არჩევნები ორ საკმაოდ მოზრდილ ოლქში. ეს იყო ხულო და ქობულეთი.  ამით 60 ათასი ამომრჩეველი გარიყული იყო საარჩევნო პროცესიდან და წაერთვათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.

მისი თქმით, ხელმძღვანელის ინიციატივით ცესკომ არჩევნები მაინც შეაჯამა და სწორედ ამის გამო სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 60 ათას ადამიანს წაართვეს ხმის უფლება.

„სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების 29-ე აბზაცში წერია, რომ 18 აპრილის ცესკო-ს სხდომაზე და მაშინ 15 წევრისგან შედგებოდა ცესკო-ს შემადგენლობა, ერთმა წევრმა, ეს გახლდათ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, განაცხადა, რომ ის იყო წინააღმდეგი, ისე შეჯამებულიყო საყოველთაო არჩევნების შედეგები, რომ ორ ოლქში არჩევნები ჩატარებული არ იყო. ამაზე ცესკო-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ იქო, ხულოსა და ქობულეთში არჩევნები ვერ ჩატარდა, ეს ჩვენი კი არა, აჭარის ხელისუფლების ბრალიაო, ციტირებას ვახდენ და პრინციპში რომც ჩატარებულიყო იქ არჩევნები, ეს შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდაო.  ცესკო-მ, ხელმძღვანელის ინიციატივით, არჩევნები მაინც შეაჯამა და სწორედ ამის გამო სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე და შევახსენებ ყველას, ის საპარლამენტო არჩევნებია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ  ქვეყანაში, აი ასეთი არჩევნებით მოვიდა, ეს წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სადაც 60 ათას ადამიანს წაართვეს ხმის უფლება.  ლეიბორისტულმა პარტიამ ასე შეჯამებულ არჩევნებში 6,01% მიიღო მაშინ, როდესაც 7% იყო ბარიერი. შესაბამისად ის ამტკიცებდა, რომ ხულოსა და ქობულეთში რომ ჩატარებულიყო არჩევნებიო, შესაძლოა, მე ეს ბარიერი გადამელახა და მოვხვედრილიყავი პარლამენტშიო. სწორედ ეს იყო მისი ინტერესი, რის გამოც სტრასბურგში დავობდა და მან ეს დავა მოიგო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ