leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბექა ძამაშვილსა და ცესკო-ს აპარატის ხელმძღვანელს, გიორგი სანტურიანს მოუსმინა

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს მოუსმინა.

სამინისტროს წარმომადგენელმა 2003-2012 წლების განმავლობაში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, როგორც სტრასბურგის სასამართლო დავებზე, ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC)  და ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ)   2011 წელს საქართველოს მიერ წარმოებული დავების შესახებ.

ბექა ძამაშვილის განცხადებით, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრია, სტრასბურგის სასამართლოში, ჩვენი ქვეყნისთვის 282 საქმეზეა დარღვევა დადგენილი და ამ დარღვევების 79%  2003 – 2012 წლებზე მოდის.

„დარღვევების ნახევარზე მეტი შეეხება ყველაზე მძიმე მუხლებს. ეს არის სიცოცხლის უფლება და წამება. სხვა ხშირად დარღვეული მუხლებია – უკანონო პატიმრობა, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება სასამართლოში, შეკრება-მანიფესტაციის უფლებისა და საკუთრების უფლების დარღვევა. ერთიანი სურათისთვის შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 100-მდე საქმეა, როდესაც პატიმრების სხვადასხვა უფლებაა დარღვეული. ეს შეეხება როგორც ციხეში წამებას, ასევე, მკვლელობას, არასათანადო პირობებს და არასათანადო მკურნალობას“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

აგვისტოს ომზე საუბრისას, ბექა ძამაშვილის განმარტებით, 2008 ომის შემდეგ სამ საერთაშორისო სასამართლოში დაიწყო საქმის წარმოება.

მისი თქმით, სანამ რომელიმე საერთაშორისო სასამართლო საკუთარ დასკვნას გააკეთებდა, გაჩნდა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი 2008 წლის 2 ოქტომბრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 16/33 და  ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომლებმაც გავლენაც მოახდინეს, გარკვეულწილად, საერთაშორისო სასამართლოებში საქმის წარმოებაზე.

„რეზოლუციის მეხუთე პუნქტში აღნიშნულია, რომ  სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად. ეს არის მეხუთე პუნქტში ჩაწერილი. აქვე საუბარია, რომ ორივე მხარემ – საქართველომაც  და რუსეთმაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა და მე-11 პუნქტში კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული –  იქ საუბარია, რომ, მათ შორის, ქართული მხარე იყენებდა კასეტურ იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილი არის ომის დანაშაულები. ამ დოკუმენტს, რუსეთის დელეგაციამ, სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხარე იყო დადანაშაულებული  ხელი არ მოაწერა, თუმცა, საქართველოს დელეგაციამ ხელი მოაწერა იმ ჩანაწერს,“ – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

მისივე თქმით,  ევროკავშირის მიერ შექმნილმა ტალიავინის კომისიამაც იგივე დასკვნები გააკეთა ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ 2011 წლის აპრილში ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლომ (ICJ) გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს მიერ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით, რომლის თანახმად,  საქართველომ ეს დავა  წააგო.

მისი თქმით, გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ საქართველოს მოსახლეობა იყო ეთნიკური წმენდის და დისკრიმინაციის მსხვერპლი 2008 წლის ომამდე.

ასევე, საუბარია იმაზე, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით 2008 წლის ომამდე საქართველომ რაიმე სამართლებრივი პრეტენზია წაუყენა რუსეთის ფედერაციას.

ბექა ძამაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ მთელ რიგ საქმეებში არ იყო საქართველოს სოფლებისა და ქალაქების დაბომბვის დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი მოძიება წლების შემდეგ მოხერხდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში გამართულ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის ხელმძღვანელს, გიორგი სანტურიანს მოუსმინა.

გიორგი სანტურიანმა 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა  დონის არჩევნების მონაცემებზე ისაუბრა და კომისიის წევრების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის: შეკითხვებს უპასუხა 2004 წლის 28 მარტის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე,  2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებსა და მის წინა პერიოდზე, კერძოდ, აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე.

 

ასევე იხილეთ