leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: გრძელდება ევროკავშირის პრეზიდენტის სრული ტრანსფორმაცია „ურსულა ფონ დერ ბაიდენში“, რაც მიაქანებს ამ ორგანიზაციას საბჭოთა კავშირის დაშლის გზისაკენ

„ჯერ კიდევ 2020 წელს რომის პაპი სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენს აფრთხილებდა, რომ თავისი გაუაზრებელი (თუ პირიქით − მკაფიოდ გააზრებული) პოლიტიკით ის ევროკავშირის დაშლას გამოიწვევს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი პოსტში დეტალურად განიხილავს ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რამაც ევროკავშირი ჩიხში შეიყვანა.

„გრძელდება ევროკავშირის პრეზიდენტის სრული ტრანსფორმაცია „ურსულა ფონ დერ ბაიდენში“, რაც მიაქანებს ამ ორგანიზაციას საბჭოთა კავშირის დაშლის გზისაკენ. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში EU-ს მიმართ ევროსკეპტიციზმის გრადუსმა თავის მაქსიმუმს მიაღწია. ჯერ კიდევ 2020 წელს რომის პაპი სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენს აფრთხილებდა, რომ თავისი გაუაზრებელი (თუ პირიქით − მკაფიოდ გააზრებული) პოლიტიკით ის ევროკავშირის დაშლას გამოიწვევს. ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობის ძირითადი „შეცდომები“ რამდენიმე მთავარ ასპექტს უკავშირდება:

ენერგეტიკული პოლიტიკა და დამოკიდებულება „მწვანე კურსზე“, გადაჭარბებული ფოკუსირება ენერგეტიკის „მწვანე რელსებზე გადასვლაზე“, რამაც ენერგორესურსების ფასების ზრდა და ევროპის სამრეწველო პოტენციალის შესუსტება გამოიწვია. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა კი ენერგეტიკული კრიზისი წარმოშვა, ხოლო ალტერნატიული ენერგიის წყაროების უზრუნველყოფა არ იყო საკმარისად ეფექტიანი;

ეკონომიკური სტაგნაცია და საბიუჯეტო პრობლემები, რაც ბრიუსელის მიერ მკაცრი რეგულაციებისა და გადასახადების ცენტრალიზაციის პოლიტიკამ გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ბიზნესის განვითარება შეაფერხა და ევროპის კონკურენტუნარიანობა შეამცირა. ამას ემატება COVID-19-ის შემდგომი აღდგენის გეგმა (Next Generation EU) თავისი გაზრდილი ვალებითა და ევროკავშირის ცენტრალურ გადაწყვეტილებებზე ქვეყნების უპირობო დამორჩილებით;

კატასტროფული საიმიგრაციო პოლიტიკა − ფონ დერ ლაიენმა ვერ მოახერხა არაკონტროლირებადი მიგრაციის შეჩერება. ხოლო აფრიკის ქვეყნებთან (მაგალითად, ტუნისთან) გაფორმებული შეთანხმებები მიგრანტების შეკავების შესახებ არაეფექტიანი აღმოჩნდა;

უკრაინისა და საგარეო პოლიტიკის კუთხით გატარებულმა მკაცრმა ანტირუსულმა კურსმა, ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. უკრაინის მხარდაჭერის EU-ს სტრატეგია სუსტად არის გააზრებული: ევროკავშირმა აიღო მასიური ფინანსური და სამხედრო ტვირთი, მაშინ, როდესაც აშშ ამჟამად უკან იხევს. გარდა ამისა, სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენის დროს შეიმჩნევა ევროკავშირის გლობალური გავლენის შემცირება, განსაკუთრებით ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში.

დღეს, სწორედ ამ ქალბატონის გამო, მას და მის ევრობიუროკრატიულ მანქანას მთლიანად უგულებელყოფს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. დღეს ვაშინგტონი ატარებს პრაგმატიზმზე აგებულ პოლიტიკას. ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებულია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკაზე, რაც ამცირებს იმ პარტნიორების მნიშვნელობას, რომლებიც ეკონომიკურ და სამხედრო დამოუკიდებლობას ვერ ამტკიცებენ. ამ კუთხით, ფონ დერ ლაიენის ევროკავშირმა ვერ შეძლო ამერიკისთვის სტრატეგიული ავტონომიის დემონსტრირება. გარდა ამისა, აშშ სავარაუდოდ, შეეცდება რუსეთთან მოლაპარაკებას ომის დასასრულებლად, ხოლო ბრიუსელი კვლავ უკრაინის მხარდაჭერის ხაზს მიჰყვება − და ეს არის კიდევ ერთი გადაულახავი წინააღმდეგობა.

ამას ემატება ეკონომიკურ პოლიტიკაში აშშ-ისა და EU-ს შორის სრული გაუგებრობა: ევროკავშირი აგრძელებს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების (Big Tech), ავტომრეწველობისა და სუბსიდიების რეგულირებას, რაც ტრამპისთვის მიუღებელია და ის შეეცდება ევროკავშირის ეკონომიკური ძალაუფლების შემცირებას, რაც ზოგადად მის სავაჭრო სტრატეგიაში ჯდება.

ამ ყველაფრის ფონზე, შეძლებს თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის დაშლის თავიდან აცილებას? საშუალოვადიან პერსპექტივაში (2024-2027): პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ყოფნის პერიოდში, ევროსკეპტიკური მთავრობების გავლენა (იტალია, უნგრეთი, პოლონეთი; შესაძლოა, საფრანგეთი) მხოლოდ გაიზრდება. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში (2030-მდე): ევროკავშირში შესაძლოა დაიწყოს დეცენტრალიზაციის პროცესი, სადაც წევრ ქვეყნებს მეტი ავტონომია ექნებათ საბოლოო დაშლის თავიდან ასაცილებლად.

ამჟამად ევროკავშირის მთავარი გამოწვევა − მისი ახალ რეალობებთან ადაპტირების სრული უუნარობაა: თუ ბრიუსელი კვლავ ფონ დერ ლაიენის პოლიტიკას გაჰყვება, ევროკავშირს სერიოზული რეფორმირება ან სრული დაღმასვლა ელის.

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით იყო განპირობებული მათ შორის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028-2030 წლამდე საკუთრივ ევროკავშირის „გადატვირთვისთვის“ და „ფერიცვალებისთვის“ მიეცა საშუალება, ამ ეტაპზე დახარვეზებული და დამაზიანებელი ურთიერთობების შეჩერების სახით. დრო ყველაფრის მკურნალია და მომავალი გვიჩვენებს, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივების საჭიროებას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

ასევე იხილეთ