leaderboard_below_slide
left_sabechdi

დინა მირცხულავა: არასოდეს დაივიწყო ის ადამიანები, ვინც შენს ადამიანად ჩამოყალიბებაში შეიტანა წვლილი

მწერალი და ჟურნალისტი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

სველი სავარცხლით გადამივარცხნა დედამ ბიჭურად შეჭრილი თმები, თეთრი მაისური მოკლე ქვედაბოლოში ჩამიტანა და სკოლამდე ხელჩაკიდული მიმიყვანა.

– აქვე ვიქნები, არ შეგეშინდეს – ხელი გამიშვა და მასწავლებელზე მიმანიშნა.

ტყუილს ამბობდა დედა.

იქვე ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ სახლში რამდენიმე წუთით დატოვებული, აკვანში ჩაკრული ჩემი პატარა ძმა ტირილით აიკლებდა იქაურობას.

სულ ტიროდა ისე.

მამამ უთხრა ერთხელ დედას :

 – საჭმელი არ ჰყოფნის, მგონი.

– ვიცი – ისე უკმეხად შეაგება დედაჩემმა ის ერთი სიტყვა , რომ მამაჩემი ადგილზე მოკვდა მაშინ.

მანანა მასწავლებელს ცისფერი ან მწვანე თვალები ჰქონდა და მუდამ მომცინარი სახე.

პირველ გაკვეთილზე

ჩემი აკანკალებული ხელი დაიჭირა თავის თბილ ხელში და დაფაზე სწორი ხაზები გამავლებინა.

მერე წინ დამისვა და ოთხი წლის მანძილზე მის ლამაზ თვალებს არ მივუტოვებივარ.

შიშმა კი თანდათან დამტოვა და სამყარო მანანა მასწავლებლის თვალი ფერი მეჩვენა.

ერთ დღეს მთელი კლასი გაუშვა დასვენებაზე და მე დამიტოვა.

გვერდით მომიჯდა და ჩურჩულით მკითხა :

– ღამე სად გძინავს? რას ჭამ ხოლმე სახლში რომ მიდიხარ ?

– მასწავლებელო, მე და მამას იატაკზე გვძინავს, დედას და ბებოს – საწოლში და ჩემს ძმას – აკვანში.

იცი რომანა პაპამ თივა მოგვცა და ბებომ ისეთი ლამაზი ლეიბი შეუკერა.

მანანა მასწავლებელმა თავზე მაკოცა და :

– ყველაფერი გასაგებიაო – ეს თქვა მხოლოდ.

საღამოს ჩვენს უეზოო და უჭიშკრო ერთ ოთახს ვიღაცის მანქანა მოადგა და სანთლის მბჟუტავი შუქი გადაფარა.

მანანა მასწავლებელი და მისი ქმარი იყვნენ.

– ასე არ უნდა მნახოს, სკოლაშიც ეს მაისური მაცვია – ცრემლების ყლაპვით მივაყვირე დედაჩემს და ლოგინის ქვეშ შევძვერი – სულ ამას გვასწავლის მანანა მასწავლებელი, რომ სახლში მოსულებმა ხელები დავიბანოთ და ტანსაცმელი გამოვიცვალოთ.

მანქანა ჩამოცალეს და სახლში შემოუსვლელად წავიდნენ.

სანთლის შუქის ამარა დავრჩით, მაგრამ სურსათითა და საოჯახო ნივთებით სავსე სახლში ღმერთი შემოცხოვრდა.

მამამ საწოლი ააწყო, ძველი ლეიბები და საბნები გადავყარეთ.

ჩემი ძმაც ახალ საწოლში გადავაწვინეთ და დედამ ნება მისცა, ბოლომდე გამოეცალა საჭმლით სავსე ბოთლი.

ყველაზე მშვიდი ძილით ეძინა იმ ღამეს ჩემს ძმას და მის ტირილს არავინ შევუწუხებივართ, მაგრამ დილამდე ოხრავდა თავქვეშ ხელებამოდებული მამაჩემი.

მის უკან წაგებული ომი თვლემდა და მის წინ კი ასეთი, მძიმედ გადასატანი დღეები ფხიზლობდნენ.

მე კი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვიყავი საკუთარი საწოლით და მთელი თვე თავს ვამეტებდი ოჯახის წევრებს, რომ ეს ყველაფერი ჩემი მანანა მასწავლებლისგან იყო.

ერთხელ სვეტიცხოველში მითხრა ცხონებულმა მამა ავთანდილმა : არასოდეს დაივიწყო ის ადამიანები, ვინც შენს ადამიანად ჩამოყალიბებაში შეიტანა წვლილი და მათთვის ილოცეო.

არ დამვიწყებიხართ, მანანა მასწავლებელო !

ეს პატარა ჩანაწერიც ერთ დიდ ლოცვად მიითვალე, ღმერთო“, – წერს დინა მირცხულავა.

 

ასევე იხილეთ