მამუკა მდინარაძე: თუ ქართველი ერი დადგება ერთად, დაინახავს, ვინ ვისი დავალებით მტრობს მის ეროვნულ ინტერესებს

ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხით, როგორც მინიმუმ, შევძელით, რომ ძალიან რთულია, დღეს საქართველოზე ქართველების გარეშე ილაპარაკო, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი შეფასებით, ძალიან დიდი და გლობალური მოვლენების მომსწრეები ვართ და მსოფლიოში არის ძვრები, რომელიც ახალ მსოფლიო დღის წესრიგს შექმნის.
„ჩვენ აქ ვკონცენტრირდებით რაღაც დეტალებზე და საერთოდ გვავიწყდება ხოლმე დიდზე დიდი გამოწვევები, რომელიც ამ ახალმა გადანაწილებამ თუ ახალმა მსოფლიო დღის წესრიგმა შეიძლება, შეგვიქმნას. შეიძლება, გაჩნდეს გამოწვევები იმასთან დაკავშირებით, რამდენად იქნება საქართველო აქტიური თანამონაწილე და აქტორი ამ დროს. ერთი მხრივ, ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხით, როგორც მინიმუმ, შევძელით, რომ ძალიან რთულია, დღეს საქართველოზე ქართველების გარეშე ილაპარაკო. ქართველებში იმ ხალხს არ ვგულისხმობ, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ და თავისი პატრონების დავალებით რასაც გინდათ, იმას გააკეთებენ. ქართველებში ვგულისხმობ ქართულ საზოგადოებას, მისი უმრავლესობის მიერ არჩეულ მის ხელისუფლებას.
ჩვენ შევძელით, 3-4 წლით ადრე გველაპარაკა იმაზე, რასაც დღეს შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები და პირველი პირი საუბრობენ, ამან მხოლოდ სიამაყე კი არ მოგვგვარა, ამან შექმნა მეტი გარანტია იმისა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ვერ მიიღონ სხვაგან. შეიძლება, ამის მცდელობებიც იყოს, მაგრამ თუ ქართველი ერი დადგება ერთად, დაინახავს, ვინ ვისი დავალებით მტრობს მის ეროვნულ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო კარგად შევძლებთ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში.
ჩვენ ამით ძალიან წინ ვართ. ქვეყნებს ასეთი ფუფუნება დღეს არ გააჩნიათ, სუვერენიტეტის ეს ხარისხი არ გააჩნიათ, რომ გამოვიდეს მათი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენს შესახებ გადაწყვეტილებები რთულია, რომ სხვაგან მიიღონო, თქვან.
ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ამ ტურბულენტობის, დაძაბულობის დროს რასაც საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ მიაღწია, არის ის, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებით, უდიდესი ალბათობით და უფრო მაღალი გარანტიით, ვიდრე ოდესმე ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ვერ გადაწყვეტენ [საქართველოს საკითხებს] ქართველების და საქართველოს ხელისუფლების გარეშე.
და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა გვინდა. ჩვენ გვინდა ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას – ანუ დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი, ქრისტიანული, ევროპული, ტრადიციული, იდენტობაზე ორიენტირებული და შენი ეროვნული იდენტობის გადარჩენაზე ორიენტირებული პოლიტიკა და არა ვინმეს მსახურება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.