გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვიდრე ომი გრძელდება, ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგება განხილვის საგანი არ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ მომავალ გამოწვევებს თავდაჯერებულად უნდა უპასუხოს, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ „როგორ დავეხმაროთ უკრაინას ისე, რომ იგი მარტო არ დარჩეს“.
გერმანიის კანცლერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ ჩამოაყალიბოს განსაზღვრული პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე.
„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ტრანსატლანტიკური კავშირებისა და ევროპის უსაფრთხოების განვითარებაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ მიზნამდე ჯერ კიდევ შორს ვართ. ამიტომ, მთავარი საკითხი არის, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას ისე, რომ უკრაინელების მაგივრად არ მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩემთვის ცხადია, რომ მშვიდობიან დროსაც კი, უკრაინას უნდა ჰქონდეს ძლიერი არმია. ეს იქნება მნიშვნელოვანი ამოცანა როგორც ევროპისთვის, ასევე აშშ-ისა და საერთაშორისო მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.