leaderboard_below_slide
left_sabechdi

დაცული ტერიტორიების სააგენტომ საერთაშორისო გამოფენაში „Saudi Travel Market 2025“ მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, საერთაშორისო გამოფენაში „Saudi Travel Market 2025“ მიიღო მონაწილეობა. მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის გახსნას დაესწრო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.

„მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა როგორც საქართველოს და მისი უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვის ხელშეწყობისთვის. ბოლო წლებში საუდის არაბეთიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა მზარდია. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ცნობადობის ამაღლებას, ვიზიტორთა ნაკადების ზრდას და ეკონომიკის განვითარებას”, – აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

გამოფენის „Saudi Travel Market 2025“ მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოში ეკოტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობებს გაეცნენ და საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

გამოფენა „Saudi Travel Market“ მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის სფეროს წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ბუნების მოყვარულებსა და მოგზაურებს აერთიანებს, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ტურისტული სერვისების განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. ყოველწლიურად გამოფენას 40 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, რაც მას ტურისტული ინდუსტრიის ტენდენციების გაცვლის მნიშვნელოვან პლატფორმად აქცევს.

ასევე იხილეთ