კირ სტარმერი: სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია, ჩვენ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ

“ჩვენ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ხანგრძლივი, მყარი და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
მისივე თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შემდეგ აუცილებელია “აშშ-ის გარანტია”, რათა უკრაინაზე ხელახლა თავდასხმა არ განხორციელდეს.
“სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია. შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთი უკრაინაზე ხელახლა თავდასხმისგან ეფექტიანად შეაჩეროს”, – აღნიშნა სტარმერმა.
ცნობისთვის, ევროპელი ლიდერები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხზე მსჯელობისთვის, პარიზში პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით შეიკრიბნენ. საუბარი შეეხო უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსებას, რაზეც სამიტის მონაწილეები ვერ შეთანხმდნენ. ბრიტანეთი აცხადებს, რომ მზად არის ბრიტანული ჯარები გაგზავნოს უკრაინაში, როგორც ომის შემდგომი სამშვიდობო ძალების ნაწილი. ესპანეთი და გერმანია კი ამ საკითხზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ.