მიხეილ ყაველაშვილი: ხელისუფლებამ დიდი გამოცდილება შეიძინა იმისთვის, რომ ქართული იდენტობა, კულტურა და რწმენა წინ წამოეწია

“არსებულმა ხელისუფლებამ დიდი გამოცდილება შეიძინა იმისთვის, რომ ქართული იდენტობა, კულტურა და რწმენა წინ წამოეწია. გამოწვევებისა და შეურაცხყოფების მიუხედავად, ჩვენ არ გადავუხვიეთ ჩვენს გზას და არ უარვყავით ეს ღირებულებები. ჩვენი პოზიცია გამოიხატება ჩვენს გზავნილებში: რა თქმა უნდა, არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ ამ გზაზე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ Radio Courtoisie-სთან საუბრისას.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „პარლამენტის წინ ათასობით მომიტინგე ახალ არჩევნებს ითხოვს. ამბობენ, რომ ქვეყანა ქაოსის ზღვარზეა. რას ფიქრობთ ამ მობილიზაციაზე თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ?“.
„ეს კითხვა მოითხოვს რამდენიმე პასუხს. მე მინდა ვფოკუსირდე ძირითად საკითხებზე: ობიექტური დამოკიდებულება რომ გვქონდეს, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. შვეიცარიაში ყოფნის დროს, შევნიშნე პარტიული დამოკიდებულება კომუნიკაციის პროფესიონალების მხრიდან სააკაშვილის ეპოქაში, როდესაც მედია გაშუქება ძალიან განსხვავდებოდა რეალობისგან. და სწორედ ეს მედია პროფესიონალები არიან, რომლებიც ამჟამად ხელმძღვანელობენ პრესაში ინფორმაციის წარმოებას. მაგრამ რადგან წლები გავატარე ევროპაში, მინდა ვთქვა, რას წარმოადგენს ევროპა საქართველოსთვის. 3000-წლიანი ისტორიით და 1700-წლიანი ქრისტიანობით ჩვენ უძველესი ქვეყანა ვართ მდიდარი ისტორიით. ის, რაც გვაერთიანებს და გვამსგავსებს ევროპას, არის ქრისტიანული ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო ევროპელებთან: ჩვენი ხასიათი, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, მიუხედავად ჩვენი გეოგრაფიული დაშორებისა. ეს მსგავსებებია, რომლებიც ჩვენ გვიზიდავს ევროპისკენ. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენ პირველ რიგში ქართველები ვართ, შემდეგ კი – ევროპელები. ამას არაფერი აქვს საერთო ბიუროკრატებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებიან. მე ვსაუბრობ ჩვენს ისტორიულ კავშირებზე და არსებულმა ხელისუფლებამ დიდი გამოცდილება შეიძინა იმისთვის, რომ ქართული იდენტობა, კულტურა და რწმენა წინ წამოეწია. და გამოწვევებისა და შეურაცხყოფების მიუხედავად, ჩვენ არ გადავუხვიეთ ჩვენს გზას და არ უარვყავით ეს ღირებულებები.
ჩვენი პოზიცია გამოიხატება ჩვენს გზავნილებში: რა თქმა უნდა, არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ ამ გზაზე. პარადოქსულად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ ევროპულ მისწრაფებას, ამავდროულად, ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარტია „ქართულ ოცნებას“ და არა მხოლოდ ამ ბოლო საკანონმდებლო არჩევნების დროს. როგორ არის ეს შესაძლებელი? თუ „ქართული ოცნება“ ანტიევროპულია, როგორ შეიძლება მას მხარი დაუჭიროს ქართველთა უმრავლესობამ? როგორ ირჩევენ მთავრობას, რომელიც ამ ევროპულ გზას უპირისპირდება? [ჩვენი ხალხის] სიბრძნემ არაერთხელ გადაარჩინა ქვეყანა. ისინი, ვინც სააკაშვილის მმართველობაზე, როგორც დემოკრატიის შუქურაზე საუბრობდნენ, იგივე ხალხია, ვინც მედიაში ავრცელებს აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველო დისიდენტური გზით მიჰყავს. აუცილებელია აღვნიშნოთ ისტორიით ჩამოყალიბებული ქართველი ამომრჩევლის სიბრძნე და გონიერება, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ირგვლივ ყოველთვის არსებულ იმპერიებსა და ქვეყნის პოლიტიკურ ევოლუციას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.