დავით მათიკაშვილი: 2008 წლის ომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სახელმწიფოს ღალატის, იგივე სამშობლოს ღალატის მუხლი

“საზოგადოებას ახსოვს, რომ 2008 წლის ომის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სახელმწიფოს ღალატის, იგივე სამშობლოს ღალატის მუხლი”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე საუბრისას.
“ეს დღევანდელი გადასახედით არის აბსოლუტურად გასაგები, რადგანაც ეს რეჟიმი პირდაპირი მნიშვნელობით აპირებდა საკუთარი ქვეყნის ღალატს. რაც პრინციპში მანამდეც ჩაუდენია, თუმცა 2008 წლის მოვლენები ამ მოცემულობის მკაფიო ხაზგასმაა. ომის შემდგომ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების მიყიდვა რუსეთისთვის და არა ერთი. სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, იქნება კონკრეტული დისპოზიცია”, – განმარტა დავით მათიკაშვილმა.
სისხლის სამართლის კოდექსში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაუქმებული „სამშობლოს ღალატის” მუხლი აღდგება. კოდექსიდან აღნიშნული მუხლი ყოფილმა ხელისუფლებამ 2007 წლის აპრილში, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ამოიღო. მმართველი გუნდი საკითხზე მუშაობას პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაიწყებს.