„იმის ნაცვლად, ადამიანი გამოდიოდეს და მოშიმშილე პატიმარს მოუწოდებდეს, შეწყვიტოს შიმშილობა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი წაახალისოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სიცრუესა და ბოროტებაზეა დაფუძნებული.
„ეს არ არის პირველი სამარცხვინო განცხადება, რომელსაც ვისმენთ. სამწუხაროდ, მიგვაჩვიეს მსგავსი ტიპის განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ბოროტებაზე, სიცრუეზე. ხედავთ, თუ როგორ ხდება ზოგადად წახალისება ძალადობის, ბოროტების, საზოგადოების გახლეჩის. იმის ნაცვლად, ადამიანი გამოდიოდეს და მოშიმშილე პატიმარს მოუწოდებდეს, შეწყვიტოს შიმშილობა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი წაახალისოს და კიდევ უფრო დაამძიმოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მზია ამაღლობელის ბედი. ისინი მას იყენებენ თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ცდილობენ, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში იყო, ის შეფუთონ, შენიღბონ რაღაც პიარული მექანიზმებით, მაგრამ დღეს უკვე ყველამ ყველაფერი იცის, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ვინ არის ჰერჩინსკი, ვის ინტერესებს ატარებს, მისი განცხადებებიდანაც ყველაფერი კარგად იკითხება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ბოროტება ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჰერჩინსკის მიერ საქართველოში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არაერთი ოპოზიციური ტელევიზია და საინფორმაციო სააგენტო არსებობს, რაც გაუარესებულ მედიაგარემოზე არ მეტყველებს.
„არ ვიცი, რაზე დაფუძნებით საუბრობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოა ამ ადამიანის განცხადება. მე მასთან პიროვნული არაფერი გამაჩნია. უბრალოდ, აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი გარედან იღებს დავალებებს და ჩვეულებრივ, რასაც ეუბნებიან, თეთრზე უნდა თქვას, რომ შავია. წარმოუდგენელია, ისაუბრო გაუარესებულ მედიაგარემოზე, როდესაც ამდენი ოპოზიციური ტელევიზია და სხვადასხვა სააგენტო არსებობს. განსაკუთრებით საქართველოში, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. შეიძლება ამ მიმართულებით ძალიან ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანასაც შევეჯიბროთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განმარტებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფასა და ცილისწამებაში გადადის.