ნუგზარ ფოფხაძე: დროა, გავაცოცხლოთ დიდი ჭაბუას გაფრთხილება – ჭკუით, ქართველებო! და ეს მოწოდება ყველას ეხება!

ლიზა!
შენ პოსტს „პრეზიდენტ“ ზურაბიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, საგანგებოდ ვაზიარებ.
თანაც, ცხელ გულზე.
მაქვს ამის მიზეზი.
არაერთგზის გამომიხატავს საჯარო პუბლიკაციებით ჩემი უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულება მავანთა, მათ შორის ამ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის მიმართ, ასევე, ამა თუ იმ მსგავსი ინციდენტების თუ მოვლენის მიმართ. ამ მოვლენებს შორის იყო მწვავე პუბლიკაცია ამ ქალბატონის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის პერიოდშიც…
და მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსი, ის, რაც ახლა ხდება (ო რ ი ვ ე მხრიდან), საჯაროდ, შინ და გარეთ, მოქმედ, პარლამენტში ახლადარჩეული თუ ზოგიერთი ყოფილი დეპუტატის მიმართ (ელისო ბოლქვაძე, გახარია, ზარქუა, სანიკიძე…) არის ყოვლად ს ა მ არ ც ხ ვ ი ნ ო და ა მ ა ზ რ ზ ე ნ ი.
ასევე, მიამიტობა იქნებოდა, ასევე რბილად შეფასებულიყო ტელეეკრანებიდან დანახული ზოგიერთი პროტესტანტი ახალგაზრდის ქცევა… ბილწსიტყვაობით სავსე სიმღერა… ჟესტიკულაცია… ან, ამა თუ იმ ცნობადი, „გამობრძმედილი“, ე.წ. პოლიტიკოსის თუ ჟურნალისტის (ორივე მხრიდან) რიტორიკა – უხამსი, სკაბრეზული, დამცინავი, დამამცირებელი „იარლიყები“…
ეს მოვლენები, ფაქტები არ არის მხოლოდ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინება. ეს ერთობ რბილი შეფასება იქნებოდა. ასეთი ქცევა გახლავთ ვ ე ლ უ რ ო ბ ა(!!!). დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ვ ე ლ უ რ ო ბ ა!
დღევანდელი დაძაბული ვითარებისა გამო, უფლება გვაქვს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მ ტ რ ე ბ ი ს უტვინო (თუ „ტვინიან“) თავებში იხარშება (თუ უკვე მოხარშული არ გახლავთ) საზოგადოების მიყვანა აშკარა სამოქალაქო დაპირისპირებამდე.
ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ვცდები.
ვისაც მეხსიერება არ ღალატობს, ვინც არის საქმეში ჩახედული, შეუძლებელია არ ახსოვდეს ის, თუ რა მოხდა 80-90-იანი წლების გასაყარზე, როცა ასეთმა თავაშვებულობამ, „საძმოების“ თუ სხვა შეიარაღებული ბანდების თარეშმა, რა დამღუპველი შედეგები მოუტანა ქვეყანას. არადა, ყველაფერი ეს დაიწყო არასასურველი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების უშვერი ლანძღვა-გინებით, ყოვლად მოურიდებელი „იარლიყების“ მიკერებით, ჯერ „უბრალო“ – კვერცხით თუ პომიდორით „მიალერსებით“, რაც მალევე გადაიზარდა ჯერ ქვების სროლაში, შემდეგ კი ტყვიების ზუზუნში.
ახალთაობას, ეტყობა, არასაკმარისად აეხსნა ამ ტრაგედიის, ეროვნული უბედურების მიზეზები. მან ჯერაც არ იცის, რას ნიშნავს სამოქალაქო ომი – ყველაზე უაზრო, დამღუპველი, საშინელი და სისხლისმღვრელი ძმათა სასაკლაო… არც საშუალო და უფროსი თაობის არაერთი წარმომადგენელი აღმოჩნდა სიბრძნესთან დამეგობრებული.
არადა, სწორედ ეს სიბრძნე გვკარნახობს, რომ მეოთხედი საუკუნის წინანდელი ფეთქებადი ვითარება წყლის ორი წვეთივით ჰგავს დღევანდელ რეალობას…
შეუიარაღებელი თვალითაც კი ცხადია, რომ:
საზოგადოება გახლეჩილია!
თანაც, მრავალწახნაგოვნად:
ასაკობრივად, პროფესიულად, სოციალურად, პოლიტიკურად…
თაობები
დაპირისპირებული!
ოჯახებშიც კი პოლიტიკის გამო განხეთქილებაა (არ გეცნობათ?). სხვას რომ თავი დავანებოთ, ყოვლად უკადრებელს კადრულობს სქართველოს დაუძინებელი მტერი: შვილებს უნერგავენ მტრობის და სირცხვილის გრძნობას მშობლების მიმართ, მათ საწინააღმდეგოდ აქეზებენ და მოუწოდებენ საჯაროდ დაგმონ საკუთარი დედ-მამა… (პავლიკ მოროზოვი გაგიგიათ?);
„კრიტიკულად“ და „სამთავრობოდ“ დაყოფილი მედიიდან უწყვეტად მოედინება ღვარძლი, მუქარა, აღსავსე აღვირახსნილი ბილწსიტყვაობით და ლანძღვა-გინებით; არცთუ იშვიათად, ცემა-ტყეპით, რაც, ზოგჯერ, გამოწვეულია წამყვანის არაკომპეტენტურობით, წაქეზებით…
ჟურნალისტიკა გადაქცეულია „ზონდერისტიკად“! განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან გამომძიებელი ჟურნალისტი ქალბატონები, რომელთა გამომწვევი მოქმედება ცდება ადამიანური ურთიერთობის ფარგლებს და იწვევს საპასუხო ადეკვატურ რეაქციას. ყოველივე ეს აკნინებს იმ აშკარად სასარგებლო საქმეს, რასაც ისინი აკეთებენ ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში მოკალათებული კორუმპირებული არამზადების მხილებისთვის.
და ყველაფერი ეს მიმდინარეობს „უკეთილშობილესი მიზნის“ ( თავისუფლება, სამშობლო, ევროპა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა…) განსახორციელებლად…
ამ მტრის მიერ ჩვენს თავმოხვეულ „შინა ომში“ ყველა დავმარცხდებით!
ყ ვ ე ლ ა!
ანუ, როგორც 90-იანებში, ახლაც დამარცხდება მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მამული, მხოლოდ ჩვენი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
გამარჯვებულიც იქნება, ერთადერთი გამარჯვებული: ჩვენი სამშობლოს მტერი!
ვგონებ, დროა, გავაცოცხლოთ დიდი ჭაბუას გაფრთხილება:
ჭ კ უ ი თ, ქართველებო!
და ეს მოწოდება ყ ვ ე ლ ა ს ეხება! აბსოლუტურად ყ ვე ლ ა ს, ბარიკადების ორივე მხარეს, დიდს თუ პატარას, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა და არა…
ეს არის და ეს, ჩემო ლიზა!
ყველას თავისი სიმართლე აქვს. არ გედავები შენც! მეც! მხოლოდ ბევრისგან განსხვავებით, მე მწარე გამოცდილება მაქვს, უმწარესი! ჰოდა, არ მინდა, შენისთანა ანგელოზებმა (ჩემმა შვილიშვილებმაც) საკუთარ თავზე გამოსცადონ ის სიმწარე, რაც ჩვენი თაობის შეცდომებით გამოსცადა საქართველომ!