leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: “დიფ სთეითმა”, რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, წააგო საქართველოში არჩევნები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოში „დიფ სთეითის“ აგენტურის მოქმედებების შესახებ მედიასთან ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „დიფ სთაითმა“ საქართველოში არჩევნები წააგო.

მმართველი გუნდის მიერ დაინცირებული საკანონმდებლო სიახლეების გამო ოპოზიციის კრიტიკის შეფასებისას მდინარაძემ აღნიშნა, რომ „აგენტს არ აწყობს არანაირი ნორმა და მისი აღსრულების არანაირი მექანიზმი, რომელიც მას მოქმედების სივრცეს და არეალს შეუზღუდავს“.

„საქართველოში მოქმედებს „დიფ სთეითის“ აგენტურა და სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მოქმედებენ ევროპული ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, რომლებთან სინქრონში მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, ის ხალხი, რომელიც „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის და მათ დავალებებს იღებს, ერთმანეთს ელაპარაკებიან და ამით იქმნება საქართველოში ნიუსები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ამგვარი ნიუსის მაგალითად დაასახელა ვარშავაში ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრაზე საქართველოსთვის ერთი ცარიელი სკამის დატოვების შესახებ ინფორმაცია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ ინფორმაციის მიზანი იყო ის, რომ, შემდეგ „ნაცმოძრაობის ტელევიზიიდან რომელიმე ადამიანმა“ დასვას კითხვა ამ თემაზე.

„ეს არის „დიფ სთეითის“ და მისი აგენტურის მიერ დალაგებული და საქართველოსთან მიმართებაში მავნებლური სქემა და გეგმა იმისათვის, რომ დააზიანონ ქართული ინტერესები, იმისათვის, რომ „ჩელიაბინსკში“ გაღვიძების მდაბიო მესიჯი კვლავ გახდეს აქტუალური, ასეთი სისულელეები რომ ილაპარაკონ, ამისათვის ქმნიან ასეთ ნიუსებს.

სინამდვილეში ხდება ერთი მთავარი რამ – „დიფ სთეითმა“, რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, წააგო საქართველოში არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლები, მათ ზურგს უმაგრებდნენ და ამაში კიდევ უფრო მძლავრად იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს და მისი უკვე არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ევრო ბიუროკრატიის წარმომადგენლები.

ამ დიდმა, დღევანდელ მსოფლიოში ძალიან გავლენიანმა ჯგუფმა წააგო საქართველოში არჩევნები, ახლა აღარ იციან, რა ქნან და ამ სისულელეებს დგამენ თავიანთი დღის წესრიგის თუ ფეიკების სახით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ