ირაკლი ზარქუა: ის, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს, ეკლესიას მტრობს, მტრობს ქართულ ინტერესებს, ბუნებრივია, გასამართლდება მკაცრად

“ის, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს, ეკლესიას მტრობს, მტრობს ქართულ ინტერესებს, ბუნებრივია, გასამართლდება მკაცრად”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რა მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი.
“თქვენ იცით ეს, სააკაშვილმა და მისმა ბანდამ თავის დროზე ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, რომ ეს არ იყო სახელმწიფო ინტერესებში. ამიტომ წინსწრებად, რამე არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო, ამიტომაც ამოიღეს, სავარაუდოდ. ეს იყო არგუმენტი.
რა მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არა, სასამართლო, შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ შემდეგ გადაწყვეტილებას. ჩვენ, უბრალოდ, მუხლი აღვადგინეთ. ის, ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს, ეკლესიას მტრობს, მტრობს ქართულ ინტერესებს, ბუნებრივია, გასამართლდება მკაცრად”, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.