ნინო ცხვარაძე: ქალაქ სამსუნში ,,ქართული კულტურის ასოციაციის“ შექმნა მიზნად ისახავს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გამყარებას

„თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნში, „ქართული კულტურის ასოციაციის“ გახსნის ღონისძიებაზე ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნინო ცხვარაძე, რომელიც ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, „ქართული კულტურის ასოციაციის“ დახმარებით ქართულ ენასა და კულტურას ქალაქ სამსუნში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლებიც შეისწავლიან.
„თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნში, „ქართული კულტურის ასოციაციის“ გახსნის ღონისძიებაზე ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, მეც ვიმყოფებოდი. ქალაქ სამსუნში „ქართული კულტურის ასოციაციის“ შექმნა მიზნად ისახავს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კულტურული ურთიერთობებისა და რეგიონში მცხოვრები ქართული ფესვების მქონე თურქეთის მოქალაქეების საქართველოსთან კავშირების გამყარებას. ასოციაციის დახმარებით ქართულ ენასა და კულტურას ამჯერად ქალაქ სამსუნში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლები შეისწავლიან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქალაქ ტრაპიზონსა და უნიეშიც. დელეგაციამ მოინახულა ფაცასა და უნიეში მცხოვრები ეთნიკური ქართველები და გაეცნენ მათ საქმიანობას. ასევე გაიმართა ორმხრივი ოფიციალური შეხვედრები, სადაც თურქეთ-საქართველოს კულტურულ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრეს. ქართული დელეგაციის ვიზიტი, რომელიც გუშინ დასრულდა თურქეთის რესპუბლიკაში, ტრაპიზონის საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა“, – წერს ნინო ცხვარაძე.