leaderboard_below_slide
left_sabechdi

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის წევრები თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებმა თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ჩიქოვანთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლის იანვრიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დეპუტატებს წვევამდელთა მხრიდან სამხედრო სამსახურისადმი გამოვლენილი ინტერესის მზარდი დინამიკა გააცნეს.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სააგენტოს მიერ, პარტნიორი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დანერგილ სამხედრო აღრიცხვის სისტემას.

„დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გავეცანით, სადაც თავდაცვის მინისტრმა და უწყების წარმომადგენლებმა კანონმდებლებს საინტერესო ინფორმაცია გაგვაცნეს. პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა და თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია, შესაბამისად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით ვგეგმავთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ამ მიზნით, დღეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრების გარდა სამინისტროში პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გატარებული რეფორმებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მინდა ხაზი გავუსვა, სწორედ ამ რეფორმის დამსახურებაა, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში უკვე 700-ზე მეტი ნებაყოფლობით დარეგისტრირებული ახალგაზრდა გვყავს. თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან გაგრძელდება და მომავალშიც არაერთი მსგავსი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო და საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები დაესწრნენ.

პარლამენტის წევრებმა თავდაცვის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესი და სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმა დადებითად შეაფასეს.

ასევე იხილეთ