სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუციის მიღების საჭიროების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ფაშინიანმა იდეოლოგიურ მიმართვაში ისაუბრა.
„რეალური სომხეთი არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სომხეთი, 29,743 კვადრატული კილომეტრის ფართობით. ამ სისტემისთვის მნიშვნელოვანია ახალი კონსტიტუციის მიღება საყოველთაო რეფერენდუმის გზით, რადგან ყველა ადრე ჩატარებულ საკონსტიტუციო რეფერენდუმს აქვს ლეგიტიმურობის სერიოზული დანაკლისი. ახალი კონსტიტუციის მიღების სტრატეგიული მიზანია სახელმწიფოებრიობას მოკლებული ერის ნარჩენი ფუნქციონირებიდან სახელმწიფოს შემქმნელი ერის მოდელის ფუნქციონირებაზე გადასვლა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
როგორც ფაშინიანმა განმარტა, სომხეთის მოქალაქეები უნდა აღიქვამდნენ საკუთარ თავს როგორც რესპუბლიკის, ისევე უფლებებისა და ვალდებულებების სისტემის დამფუძნებლებად. მისი თქმით, ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ თავად შექმნეს ეს სისტემა, დღეს კი ეს ასე არ არის.
„ჩვენ საუკუნეები ვცხოვრობდით სხვების მიერ შექმნილ სისტემებში. ეს საუკუნოვანი აზროვნება და პოლიტიკური მიზეზები აისახება რეალობაში. ჩვენ ამ სისტემას აღვიქვამთ, როგორც თავს მოხვეულს“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.