თეა წულუკიანი: აშშ-ის პრეზიდენტი, ევროპის წარმომადგენლებიც ნელ-ნელა იმავეს იმეორებენ, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინა იღუპება და რომ ჩვენ ამის ნაწილი არ ვიქნებით

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა აშშ-სა და საქართველოზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, არსებობს იმედი, რომ დაიწყება ურთიერთობების სწრაფად გაჯანსაღება და ეს იმედი კონკრეტულ ფაქტებსა თუ ინფორმაციებს ეფუძნება.
„როცა ვამბობთ – იმედია, რომ ძალიან სწრაფად დავინახავთ იმას, რომ იწყება ურთიერთობების გაჯანსაღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იმედი არის უბრალოდ სურვილი. რა თქმა უნდა, ეს იმედი გარკვეულ ფაქტებს, ინფორმაციებს ეფუძნება, რომელიც არ არის ამჯერად საჯარო, მაგრამ ასევე ცრუ მოლოდინიც არ უნდა შეიქმნას, რომ უცბად ყველაფერი იქნება გასწორებული. მთავარი ის არის, რომ შემოტრიალება დაიწყო. ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს; ერთი თვეც არ არის გასული ინაუგურაციის შემდეგ და სულ რამდენიმე კვირაში ვნახეთ საოცრად გაბედული და დიდი ნაბიჯები. მთავარია ჩვენ სწრაფადვე დავინახოთ სტარტი ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების და შემდეგ ყველაფერი დროის საკითხია“, – აღნიშნა მან.
წულუკიანმა ამ კონტექსტში ასევე ისაუბრა ოპოზიციის ბოლო დროინდელ განცხადებებსა თუ ქმედებებზე. მისი თქმით, ოპონენტებს აღარაფრის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის ვეღარც საერთაშორისო არენაზე ვერ დააზიანებენ საქართველოს ინტერესებს, ვინაიდან თავად ხედავენ, რომ იმას, რასაც ქართული ოცნება ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, ახლა ამბობენ დასავლელი ლიდერები.
„საოცარი რამ ვნახეთ ასევე – გუშინ იყო თუ არ ვცდები, რომ თუკი გუშინდლამდე ბიძინა ივანიშვილს საყვედურობდნენ თითქოს ის და ქართული ოცნების მთლიანი გუნდი რუსეთისკენ ატრიალებდა და შემოატრიალა საქართველო, გუშინ ვნახეთ რომ ბატონი ბიძინა და ჩვენ ყველა ვიყავით ამერიკულ დროშაში გახვეულები და გვირტყამდნენ წიხლებს ყველას ერთად. ალბათ უნდა ჩამოყალიბდნენ ჩვენ პრორუსები ვართ პროამერიკელები ვართ, თუ ვინ ვართ. ვეუბნებით ყველას რომ ჩვენ ვატარებთ ქართულ პოლიტიკას, რაც არ უნდა რთული იყოს ეს და როგორც იქნა მოიკრიბა ქართულმა ოცნებამ მრავალი წლის სირთულეების მერე ეს ძალა იმიტომ, რომ ომზე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ დათანხმდებოდა და ჩვენ ეს შევძელით ბოლო სამი წლის მანძილზე ყველამ ერთად, ერთიანობით, პრინციპულობით.
„ფარაზე“ კი არა საერთოდ ვერაფერზე ვეღარ საუბრობენ, დადიან ყურებჩამოყრილები და სისხლისგან დაცლილები – ვგულისხმობ პოლიტიკურ ენერგიას. პლუს პარლამენტში აღარ აქვთ მანდატები, ვისაც აქვს, ისიც არ შედის. ყველანაირი პოლიტიკური არსებობის წყარო ან მათ თავის თავს მოუსპეს, ან სხვამ მოუსპო. შიგნიდან არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა იმდენი, რომ რაღაც შეძლონ, თვითონ გონიერება, რესურსი არ ყოფნით იმისთვის, რომ რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას. ვერ ჩამოყალიბდნენ ჩვენ პრორუსები ვართ პროამერიკელები, თუ ვინ ვართ. ცუდები რომ ვართ – ეს იციან, ასე ჰგონიათ მათ, იმის იქით მათი ანალიზი ვერ მიდის და აგრძელებენ მოღალატეობრივი ნაბიჯების გადადგმას, რაც ნიშნავს საქართველოს დაზიანებას საერთაშორისო ასპარეზზე. ახლა ხედავენ, რომ ესეც აღარ გასდით იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, დეპუტატები, ევროპის წარმომადგენლებიც ნელ-ნელა იმავეს იმეორებენ, რასაც ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ უკრაინას ღუპავენ, უკრაინა იღუპება, ზელენსკი თამაშობს ანტიუკრაინულ როლს და რომ ჩვენ ამის ნაწილი არ ვიქნებით და შევეცდებით, რომ გადავრჩეთ. მადლობა ღმერთს, რომ დღისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა წულუკიანმა.