leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: ტრამპი ღიად საუბრობს, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან არიდება, ჩვენც ამას ვამბობდით, რის გამოც ჩვენი გუნდი, მხარდამჭერები წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ

“ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზელენსკის მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებები ისმის. ტრამპი ღიად საუბრობს, რომ უკრაინას შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება და ზელენსკი წაახალისეს, შეაგულიანეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ომის თავიდან არიდების შესაძლებლობაზე “ქართული ოცნება” ომის პირველივე დღიდან საუბრობდა, რის გამოც მისი მხარდამჭერები წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ.

“ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზელენსკის მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებები ისმის. უკრაინას რომ შეეძლო ომის თავიდან არიდება, ჩვენც ვსაუბრობდით ომის პირველი დღეებიდან და საშინელი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა მთლიანად საქართველო, არა მარტო ჩვენი გუნდი, არამედ მოსახლეობა, ჩვენი მხარდამჭერებიც, რადგან თვალს რეალობას ვუსწორებდით. ტრამპი ღიად საუბრობს, რომ უკრაინას შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება და ზელენსკი წაახალისეს, შეაგულიანეს ე.წ. დიდმა ბიჭებმა და მას ეს ომი თავიდან უნდა აერიდებინა. ზელენსკის მიმართ ბოლო განცხადებები მკაცრია და ზელენსკიმ ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, აშშ, სავარაუდოდ, უკრაინას მოუწოდებს, ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან მოლაპარაკების ფორმატში ძალიან ბევრი დოკუმენტი იქნება ხელმოსაწერი.

“გარანტიები იქნება მისაღები, ომი – გასაჩერებელი. ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა რაღაც გადაწყვეტილება ისე მიიღოს, რომ დოკუმენტაციაზე არალეგიტიმურ პრეზიდენტს ჰქონდეს ხელი მოწერილი. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი აქედან გამომდინარეობს”,  – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე იხილეთ