top_leaderboard

ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, რაფაჰში სამხედრო ოპერაციას ჩატარება არ გადაიფიქრა

J

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას განახორციელებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ისრაელი ომში საკუთარი მიზნების მიღწევაზე უარს არ იტყვის.

„თუ ომს ახლა შევაჩერებთ, ჩვენს მიზნებს ვერ მივაღწევთ. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ისრაელმა ომი წააგო და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე.

მისივე განმარტებით, ომის მიზნებია „ჰამასის“ განადგურება, ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლება და იმაში დარწმუნება, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

„ამის გასაკეთებლად რაფაჰშიც უნდა ვიმოქმედოთ“, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ ეს ოპერაცია რამდენიმე კვირას გაგრძელდება.

ნეთანიაჰუს ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისი განცხადებები ოლაფ შოლცმა და ჯო ბაიდენმა გააკეთეს. თუმცა ნეთანიაჰუმ კრიტიკოსები იმაში დაადანაშაულა, რომ მათ „დაივიწყეს“ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა, რომელსაც დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი „ჰამასის“ ტყვეობაში აღმოჩნდა.

რაფაჰს ახლა 1,5 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს, რომლებიც ქალაქში ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილებიდან ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მივიდნენ.

ასევე იხილეთ