გიორგი ვოლსკი ლორა თორნტონზე: ჩვენ გვახსოვს მისი განცხადება, რომ მაკკეინის ინსტიტუტის აზრით, საქართველოში აუცილებლად სისხლი უნდა დაიღვაროს

“ეს არც პირველი და არც ბოლო არ არის. გვახსოვს ჩვენ ლორა თორტონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მაკკეინის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ საქართველოში აუცილებლად სისხლი უნდა დაიღვაროს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ლორა თორნტონის განცხადებას, სადაც ის საქართველოში პროტესტის მუხტის გაძლიერებაზე საუბრობს.
“ფაქტია, რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ამზადებს საქართველოში რევოლუციურ სცენარებს, ხელს უწყობს, აფინანსებს. თორტონის ორგანიზაცია არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის დამქირავებელი, რომელიც ასევე დაუპირისპირდა საქართველოს ინტერესებს ინტენსიურად, გააფთრებით და საკმაოდ დიდი ფულადი რესურსით”, – აცხადებს ვოლსკი.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ.