leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ლაშხი დონალდ ტრამპის კრიტიკაზე: ეს არის დღის წესრიგი, ვინაიდან მათ ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობის დღის წესრიგს თუ ვინმე ეწინააღმდეგება, ყველა რუსია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი “დღის ქრონიკაში” აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს დღის წესრიგია, ვინაიდან ყველა, ვინც მათ ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობის დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, ყველა რუსია.

“რა თქმა უნდა, ეს არის დღის წესრიგი, ვინაიდან მათ ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობის დღის წესრიგს თუ რაიმე ან ვინმე ეწინააღმდეგება, ყველა რუსია და ეს არის მათი ტიპიური ხელწერა. საგნობრივ განხილვაზე, შინაარსზე, საუბარზე, ანალიზზე თუ რა ხდება, რა გეოპოლიტიკური მდგომარეობაა, რა არის დღეს მსოფლიოში და რა ხდება დღეს საქართველოში – იმის ნაცვლად, რომ შინაარსზე იყოს საუბარი და განხილვა, ისინი პირდაპირ გადადიან პირად შეურაცხყოფებზე. ეს მათგან ახალი არაა და ეს მათი ხელწერაა”, – განაცხადა ლაშხმა.

ლაშხმა ასევე გაიხსენა ის განცხადებები, რომლებიც საქართველოში უკრაინაში ომის დაწყებამდე კეთდებოდა. ისინი გარკვეული ძალების მხრიდან ანტიდასავლურ ქმედებებად ფასდებოდა, თუმცა დღეს ეს განცხადებები თანხვედრაშია დონალდ ტრამპის პოზიციასთან.

“მოდით გავიხსენოთ 2012 წლის 31 იანვრის რეზოლუცია, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო ომამდე სულ ცოტა ხნით ადრე, რომლის ერთ-ერთი თანაავტორიც გახლდით. რეზოლუცია საუბრობდა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციაზე და თანამეგობრობას მოუწოდებდა, რომ მთავარი საზრუნავი უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არ დაშვება, მისი თავიდან არიდება. ასევე, საუბარი იყო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე. საუბარი იყო, რომ საერთაშორისო დღის წესრიგის და ნორმების ფარგლებში, საზღვრების დაცვის თუ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, უნდა ყოფილიყო მთავარი საერთაშორისო, საგარეო და გეოპოლიტიკური დღის წესრიგი. ამის ფონზე, როდესაც ჩვენ ეს რეზოლუცია მივიღეთ, ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციური ძალებისგან იყო შერაცხილი პრორუსულ დოკუმენტად, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ სწორედ ამ რეზოლუციის მთავარი მიმართულებები და პოსტულატები, ზუსტად იმას იმეორებენ, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია, სწორედ ამაში არის თანხვედრა”,  – განაცხადა ლაშხმა.

ასევე იხილეთ