შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს დაამყაროს მშვიდობა, ზოგიერთი საერთაშორისო ქსელი, რომელიც ჯერ კიდევ იყენებს აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულს, ცდილობს, დათესოს არეულობა და ქვეყნებს ომისკენ უბიძგოს

„მაშინ, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, შეაჩეროს ომები და დაამყაროს მშვიდობა, ზოგიერთი საერთაშორისო ქსელი, რომელიც ჯერ კიდევ იყენებს აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულს, ცდილობს, დათესოს არეულობა და უცხო ქვეყნებს ომისა და განადგურებისკენ უბიძგოს. თორნტონის „ნგრევის ინსტრუქცია“ ხელისუფლების დამხობის იდეოლოგიის სასოწარკვეთილი ამოძახილია, რომლის შემოქმედნიც, როგორც უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, ენთუზიაზმით ანგრევენ საზოგადოებებს, სწირავენ სიცოცხლეებს და შემდეგ ჩრდილში იმალებიან”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა, ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა პროტესტმა გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში ბზარი გაჩნდეს.
„პირველი, თორნტონი მაკკეინის ინსტიტუტს წარმოადგენს, სადაც დასაქმებულია საქართველოს ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის ხელითაც, ამ ქსელს, „თვითმარქვია ხელისუფლების“ ალტერნატიულ რეალობის შექმნა სურს. მეორე, ის მიუთითებს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და „სამართლიან არჩევნებზე“ (ISFED), როგორც „სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებზე“, რათა გაამართლოს თავისი თავდასხმა არჩევნების შედეგებზე, თუმცა, ამავდროულად, მალავს არჩევნებზე დაკვირვების ერთადერთი ლეგიტიმური საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთო/ოდირის ანგარიშს. საინტერესოა, რომ IRI-ის ადგილობრივი ოფისი ფინანსდება ავად სახსენებელი დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. 2020 წლის პარალელური დათვლის დროს ISFED-ის და მისი დამფინანსებელი USAID-ის სიყალბის ისტორია კი უკვე ყველასთვის ცნობილია. ამ ორგანიზაციების რეპუტაციული განულების შედეგიცაა, რომ ამ დღეებში მათ სრულად შეუწყდათ ამერიკული დაფინანსება. მესამე, ენჯეო მედია-პლატფორმა „Civil.ge“, რომელმაც გამოაქვეყნა თორნტონის ინსტრუქცია, ასევე, ფინანსდება NED-ის და სხვა ამერიკული წყაროების მიერ, მისი მთავარი რედაქტორი კი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ქართველი პოლიტიკოსის ოჯახის წევრია“, – განაცხადა მან.
„რას ვიღებთ შედეგად? ერთი და იმავე უცხოური წყაროდან დაფინანსებული ადამიანებისა და ორგანიზაციების ამ ქსელის მეშვეობით, თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული მაიდანის სულისკვეთებაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ერის განადგურების სიმბოლო გახდა და არა „თავისუფლების გლობალური მოწოდება“, როგორც თორნტონი დაჟინებით გვარწმუნებს. თორნტონის მცდელობა, რომელიც იმედგაცრუებულია ქართული ოპოზიციის უუნარობით, მოახდინოს ამომრჩეველთა ან საპროტესტო მოძრაობის მობილიზება, შეთავაზებაა, გახადოს საქართველო „ფაქტობრივად უმართავი, გაფიცვებისა და ბოიკოტების გზით“. ის, ასევე, ურჩევს საქართველოს რადიკალურ ოპოზიციას „შეეხონ… ქართველების უკმაყოფილების უფრო ღრმა საკითხებსა და ყოველდღიურ, სოციალურ პრობლემებს“. სწორედ აქ იჩენს თავს, სრული მასშტაბით, თორტონისა და მისი მოკავშირეების გზააბნეულობა. „ეკონომიკის პარალიზების“ გზით, დესტაბილიზაციის მცდელობა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებსაც, რომელიც თორნტონს, მისი ქართველი მარიონეტების მსგავსად, ასე საშინლად სძულს და პრეზიდენტ ტრამპს „მოძალადესა“ და „კრიმინალს“ უწოდებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.