დავით კაჭარავა: ევროპარლამენტარების განცხადებებს უკვე არანაირი ეფექტი აღარ აქვს, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რამდენიმე რეზოლუცია, რომელსაც უკვე ჩალის ფასადაც აღარ მივიჩნევთ, რადგან ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული რეზოლუციები

ევროპარლამენტარების ამ განცხადებებს უკვე არანაირი ეფექტი აღარ აქვს, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რამდენიმე რეზოლუცია, რომელსაც უკვე ჩალის ფასადაც აღარ მივიჩნევთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული რეზოლუციები, – განაცხადა პარლამენტარმა და პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ელჩების დემარშები „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის გამოშვებასთან დაკავშირებით. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ეს პერიოდი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განვლო და საბოლოო ჯამში მივედით დღევანდელ დღემდე და დღეს უკვე ფაქტებით დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის. მაგალითად ის ელჩები, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ქვეყანაში პირდაპირ მოუწოდებდნენ რადიკალურ ოპოზიციას ექსტრემიზმისკენ, არიან თუ არა პასუხისმგებლები დღეს იმ ყველაფერზე, რაც მათ გააკეთეს.
მე ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანი უნდა გახდეს პასუხისმგებელი. თუ ჩვენ მათ პასუხს არ მოვთხოვთ იქნება შემდეგი დეპუტატი ევროპარლამენტიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ცდის, რომ საქართველოში შიდა ამბებში ჩაერიოს და დესტაბილიზაცია შემოიტანოს. ეს ეხება არა მხოლოდ შიდა და გარე ძალებს, არამედ ადამიანებს, ვინც ცნობადია საქართველოში, ვის საქციელსაც სხვა ადამიანები უყურებენ და აინტერესებთ და მათი პოზიცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. მათ აუცილებლად პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ყველაფერზე“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.