დავით კაჭარავა ლორა თორნტონზე: ეს განცხადება კიდევ ერთი ფაქტია იმის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მტრები, ერთეული პოლიტიკოსები, თუ შიდა, თუ გარე აქტორები

ეს [განცხადება] კიდევ ერთი ფაქტია იმის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მტრები, ერთეული პოლიტიკოსები, თუ შიდა, თუ გარე აქტორები, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ აფასებს ლორა თორნტონის მოწოდებებს და რამდენად არსებობს რესურსი, რომ ეს განხორციელდეს.
„რესურსი, ვფიქრობ, ამის განხორციელების არ არსებობს, მაგრამ ეს [განცხადება] კიდევ ერთი ფაქტია იმის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მტრები, ერთეული პოლიტიკოსები, თუ შიდა, თუ გარე აქტორები. ქვეყანა შეიყვანო ეკონომიკურ კრიზისში იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენო შენი მიზნებისთვის, ჩვენთვის მიუღებელია და ეს არის გარე ძალების ინტერესები. ასეთი ადამიანები დროთა განმავლობაში შეგვიძლია მიუღებელ პერსონებად გამოვაცხადოთ“, – აღნიშნა კაჭარავამ.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ. მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ.