დიმიტრი ხუნდაძე: ლორა თორნტონის მხრიდან არეულობისკენ პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების ინტერესებს, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებული უნდა იყოს ქვეყნიდან

„მაკკეინის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი სამოქალაქო დაპირისპირების და ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენ მოუწოდებს ოპოზიციას და მათ მომხრეებს”, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე.
მისი თქმით, ლორა თორნტონის მხრიდან არეულობისა და დესტრუქციის პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებულ უნდა იქნას ქვეყნიდან.
„თორნტონს ქუჩაში „საღამოს აქტივობა” არასაკმარისად მიაჩნია და მეტ აგრესიულობას ითხოვს მომიტინგეებისაგან…
ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქის უხეში და ბინძური ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.
მაკკეინის ინსტიტუტი ცოტა ხნის წინ ქუჩაში მსხვერპლის საჭიროებაზეც ალაპარაკდა ისე, როგორც ნაცმოძრაობის ლიდერები ერთ დროს ითხოვდნენ „ორ გვამს”.
ეს ქალბატონი მანამდე NDI -ის ოფისის ხელმძღვანელადაც გვევლინებოდა და არც მაშინ გამოირჩეოდა ობიექტურობითა და კეთილგანწყობით.
მართალია, მმართველმა გუნდმა მის ქმედებაზე გააკეთა პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არასაკმარისია, რადგან მისი მხრიდან არეულობისა და დესტრუქციის პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებულ უნდა იქნას ქვეყნიდან“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.