leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი შერმადინი: ევრობასკეტი ჩემთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ გიორგი შერმადინმა ისაუბრა, რომელმაც დააანონსა, რომ ევროპის ჩემპიონატი მისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება.

„ძალიან მაგარი თამაში იყო, პირველ რიგში ვულოცავ ნაკრებს, ჩვენს ძალიან დიდ გულშემატკივარს. მადლობა, რომ ყოველთვის მხარს გვიჭერთ.

ჩემთვის ეს უკვე მეექვსე ევრობასკეტი იქნება, სავარაუდოდ, აქვე ვიტყვი, რომ ამ ევრობასკეტის შემდეგ ჩემი სანაკრებო კარიერა დასრულდება, საკლუბო კარიერას კი ვაგრძელებ. მართლაც ყველაფერი გავაკეთე, უკვე 20 წელია ნაკრების ღირსებას ვიცავ, ძალიან დიდი დრო გავიდა, 5-ჯერ ვითამაშე ევრობასკეტზე და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ქართული კალათბურთის ისტორიაში ჩაიწერება, ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო კალათბურთის განვითარებისთვის. სუპერლიგაში დაბრუნება? არა, მაგას არ განვიხილავ, ვფიქრობ, ესპანეთში კიდევ სამი სეზონი ვითამაშო და შემდეგ მომავალი გვიჩვენებს რა მოხდება“, – აღნიშნა შერმადინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზეა, რაც საკმარისი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ბოლო ტურში ჯიკიჩის გუნდი 24 თებერვალს, სტუმრად სერბეთს შეხვდება, ამ მატჩს ფორმალური ხასიათი ექნება.

ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში, ლატვიაში, პოლონეთში, კვიპროსსა და ფინეთში 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება. წილისყრა მოგვიანებით ჩატარდება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ქვეყანაც, სადაც ითამაშებს.

ასევე იხილეთ