უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები

უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მოყინული მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად ხორციელდება ტექნიკური მარილის დაყრა.
მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდით ღონისძიებებს ადგილზე ეცნობოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად.
როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა სამუშაოებში ჩართულია 40 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა და 500-ამდე თანამშრომელი. ქუჩების პარალელურად იწმინდება ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. ქალაქის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს.
დადგენილი გრაფიკით, შეუფერხებლად მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, როგორც შიდა, ასევე მაგისტრალურ გზებზე გარდა ელექტროავტობუსებისა, რომელთა გადაადგილება, ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი.
გარკვეული შეზღუდვებია ენერგომომარაგებაში, რაზედაც შესაბამისმა კომპანიებმა განცხადებები გაავრცელეს და აბონენტები გააფრთხილეს.
მომდევნო დღეების განმავლობაში უამინდობა შენარჩუნდება. მოსალოდნელია საშტორმო მდგომარეობა, ხოლო 23-25 თებერვალს – ძლიერი ქარი. მაქსიმალურად მობილიზებულია ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები.