პიმენ ყურაშვილი: საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ

„საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა”, – განაცხადა ექიმმა, კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, პიმენ ყურაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეერთებული შტატებიდან ჩართვისას.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის, მასკის და მისი გუნდის, სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა, შეხედულებები, ღირებულებები, იგივე ოჯახის ღირებულებების დაცვა, რელიგიის პატივისცემა, ეს ყველაფერი ძალიან ემთხვევა დღესდღეობით საქართველოს როგორც ხელისუფლების გაცხადებულ ღირებულებებს და ფასეულობებს, ისევე მთლიანად, ვთვლი საქართველოში სრული უმრავლესობის შინაგან ფასეულობებსა და ღირებულებებს, რელიგიის პატივისცემას და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, ადამიანების გაღმერთება საერთოდ არ მიმაჩნია სწორად. მით უმეტეს, ქრისტიანებს გვყავს ერთი ღმერთი და ეს არის იესო ქრისტე. დანარჩენი, ყველა ადამიანს შეიძლება შეეშალოს. ეს შეიძლება ტრამპი იყოს, შეიძლება მასკი იყოს, თეორიულად ვიძახი, დავუშვათ მომავალში“, – განაცხადა მან.
პიმენ ყურაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით არასწორი იყო.
„მიშა თურმე დამნაშავე არ არის და უნდა გამოუშვათ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლოებმა თქვეს, რომ არ იყო გამოსაშვები, მაინც რეზოლუციაში გიწერდნენ ამას. კეზერაშვილზე გიცხადებდნენ, რომ ეს არის მედიამენეჯერი, რომელსაც თურმე ვდევნით საქართველოში და შემდეგ ამოიღეს. ასეთ რაღაცებს როდესაც გაკადრებენ, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ტრამპი იყოს, მასკი იყოს, საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა“, – აღნიშნა მან.