“ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის დიალოგი იმედის მომცემია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“აქ ჩვენ გვაქვს დიალოგი ორ მართლაც გამორჩეულ პრეზიდენტს შორის. ეს ძალიან იმედის მომცემია. მნიშვნელოვანია, რომ არაფერმა შეუშალოს ხელი მათი პოლიტიკური ნების განხორციელებას”, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები – ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი აბსოლუტურად უნიკალური ლიდერები არიან, თუმცა თითოეული თავისებურად.
“პრეზიდენტმა ტრამპმა მოიგო არჩევნები ამერიკისთვის უნიკალური შედეგით. იმ შტატებშიც კი, სადაც საეჭვო იყო. პრეზიდენტ ტრამპს აქვს პარტიული კონტროლი ორივე პალატაში. ანუ, თავისი ავტორიტეტის სტაბილურობის, თავსი ძალაუფლების თვალსაზრისით, ის არის შეერთებული შტატების აბსოლუტურად უნიკალური პრეზიდენტი”, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.
პესკოვის თქმით, პუტინი „ტრამპზე არანაკლებ უნიკალური პრეზიდენტია“.
“ეს არის პრეზიდენტი, რომელიც 25 წელია, ხელისუფლებაშია და რომლის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონე უპრეცედენტოა, იმისდა მიუხედავად, რაც არ უნდა თქვას ვინმემ”, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის კვლავ ღიაა.