ანდრეი სიბიგა: ჩვენი დიპლომატიური სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და მიმართულია სამართლიანი მშვიდობის მიღწევისა და ომის მიმდინარე წელს დასრულებისკენ

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2025 წელს ომის დასრულების ამოცანა დაისახა მიზნად”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ფორუმზე „უკრაინა. 2025 წელი“ განაცხადა.
სიბიგას თქმით, უკრაინაში მიმდინარეობს დიპლომატიური სამსახურის მაქსიმალური მობილიზაცია, რომელიც მიმართულია ომის მიმდინარე წელს დასასრულებლად.
„ბევრ პარტნიორს ვეუბნებით, რომ ახლა დროა „დიპლომატიური უსაფრთხოების ღვედების შეკვრისა“, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს. მე ნათლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დიპლომატიური სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და მიმართულია სამართლიანი მშვიდობის მიღწევისა და ამ ომის მიმდინარე წელს დასრულებისკენ, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი ისახავს მიზნად“, – განაცხადა სიბიგამ.
მისი თქმით, იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება ყველა ევროპული და ტრანსატლანტიკური ოჯახის უსაფრთხოება.
„უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენ ერთი მთლიანი ვართ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა ამერიკულ მხარესთან სახელმწიფოს მეთაურის დონეზე კონტაქტების გასაძლიერებლად.
„ჩვენ გვჭირდება აშშ-ის აქტიური როლი ომის სამართლიანი დასრულებისთვის. ჩვენ გვჭირდება რუსეთზე შემდგომი ზეწოლა, რუსული აგრესიის ფასის გაზრდა. აქ ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო ინსტრუმენტებზე – სანქციები, გაყინული აქტივები და უაღრესად ეფექტურ ინსტრუმენტად მიგვაჩნია ნავთობის ფასი, რა თქმა უნდა, უკრაინის გაძლიერება ყველა მიმართულებით. იმისთვის, რომ მომავალ მოლაპარაკებებზე გავიდეთ, უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს“, – აღნიშნა სიბიგამ.