თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ყოველთვის წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები და სწორედ ამით არის დაკავებული საქართველოს ხელისუფლება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“ -ში ისაუბრა იმ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას არსებული საერთაშორისო ვითარების ფონზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი არის საქართველოში, რადგან ჩვენ ყოველთვის წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები და სწორედ ამით არის დაკავებული საქართველოს ხელისუფლება.
„საქართველოს ადგილი არის საქართველოში, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ყოველთვის წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები და სწორედ ამით არის დაკავებული საქართველოს ხელისუფლება. აღნიშნული სამი წლის განმავლობაში იყო არაერთი გამოწვევა, არაერთი მცდელობა დესტაბილიზაციისა. რევოლუციის მცდელობები, სხვადასხვა ტიპის დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც ხელისუფლება შეხვდა გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით. შეხვდა მათ შორის იმ სამართლებრივი რეფორმებით, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს და ქმნის კიდევ უფრო მეტ გარანტიებს უსაფრთხოებისა, როგორც სახელმწიფო კონტექსტში, ისე საზოგადოებრივ კონტექსტში. ამდენად ეს ეპოქა რომელიც ახლა დაიწყო, ამას ჩვენ სხვანაირად უწოდებთ რეალიზმის ეპოქას, ძალიან კარგად მოდის უნისონში იმ კურსთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს დაკავებული, რაც ნიშნავს იმას, ქვეყანამ, არა აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ქვეყნის სიდიდეს, უპირველესად უნდა იხელმძღვანელოს თავისი ეროვნული ინტერესებით“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ჭეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ოპონენტების ბრალდებები, ქვეყნის დასავლეთისკენ სვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სიცრუეა.
„ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებაში მოხვდეს არასწორი აღქმების დამკვიდრება. მსგავსი ფაქტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა. მართლაც კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო, როგორც ნათქვამია. ის აჟიოტაჟი, რომელიც პერმანენტულად წამოიწყებდა ხოლმე, ამა თუ იმ განცხადების შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მიერ კეთდებოდა, სხვას არაფერს ადასტურებს თუ არა იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია დღენიადაგ დაკავებული იყო და არის იმით, რომ როგორღაც საზოგადოებას ნაცარი შეაყაროს თვალებში. ამით ისედაც გაკოტრებულები არიან, ცდილობენ რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭას, რაც რასაკვირველია, განწირულია ისევ და ისევ წარუმატებლობისთვის, რომელიც ამ რადიკალურ ჯგუფებს უკვე ტრადიციულად თან სდევთ“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.