„უოლ სთრით ჯორნალი“: რუსეთს არ სურს ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუსრულებლად გაჭიანურებას გეგმავს

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, რუსეთს არ სურს ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუსრულებლად გაჭიანურებას გეგმავს. როგორც გამოცემა წერს, მოსკოვს მდიდარი გამოცდილება აქვს, რა დროსაც სამხედრო შეტევას მოლაპარაკებებზე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს.
„ამ სტრატეგიას მოსკოვი მიმართავდა სირიიდან დაწყებული, მეორე მსოფლიო ომის, დროს იალტის მოლაპარაკებებით დამთავრებული“, – წერს „უოლ სთრით ჯორნალი“.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აშშ-ს მოსკოვზე ზეწოლის საშუალებები აქვს, მაგალითად, რუსული ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვების გამკაცრება ან კიევისთვის მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნა.
„თუმცა, ბოლო დროს ტრამპი აჩვენებს, რომ თავაზიან საუბარს ანიჭებს უპირატესობას და მისი თანაშემწეები ნაკლებად ლაპარაკობენ სანქციებზე“, – წერს ამერიკული გამოცემა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის ყოფილი მრჩევლის რუსეთის საკითხებში, თომას გრემის თქმით, მაშინ როცა ტრამპი ცდილობს სწრაფი გარიგების დადებას კრემლთან, მას ექნება ორი ვარიანტი მოლაპარაკებების წინ წასაწევად – ზეწოლა მოსკოვზე ან კიევზე. ტრამპის მხრიდან ზელენსკის ბოლოდროინდელი კრიტიკა მიუთითებს, რომ მან გადაწყვიტა, ზეწოლა მოახდინოს კიევზე.
გარდა ამისა, თომას გრემის განცხადებით, პუტინს არ უნდა, ტრამპის ადმინისტრაციამ იფიქროს, რომ მას შეუძლია, სწრაფად მოიშოროს რუსეთის პრობლემა, წინ წაიწიოს და იგნორირება გაუკეთოს მოსკოვთან ურთიერთობებს.
„მათ არ უნდათ, შეერთებულმა შტატებმა ან ტრამპმა იფიქრონ, რომ ეს არის ორი ან სამი თვის საკითხი ყველაფრის გასაკეთებლად. ახლა მე უბრალოდ ჩინეთზე გავამახვილებ ყურადღებას და დავივიწყებ რუსებს“, – აღნიშნა ბუშის ყოფილმა მრჩეველმა, თომას გრემმა „უოლ სთრით ჯორნალთან“ საუბარში.
მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია საკუთარ უნარში, დადოს გარიგება რუსეთთან უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამასთან, მან ვარაუდი გამოთქვა, რომ ომი შეიძლება, მომავალ კვირაში დასრულდეს, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია.