leaderboard_below_slide
left_sabechdi

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აგრძელებს გარემოს დაცვის საკითხებზე მუნიციპალიტეტებისა და ახალგაზრდების ინფორმირებას

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალი პროექტი იწყება, სახელწოდებით: „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“. პროექტის მიზანია  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.

პროექტში ჩართული იქნება ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალური ხელისუფლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან.

პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და პარტნიორობით, 2022-2024 წლებში ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელებული პროექტების ფარგლებში 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით  ჩაუტარდათ თემატური  ტრენინგები და საჯარო ლექციები.

 

ასევე იხილეთ