ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერისა და „ქართული ოცნების“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობას ჩანასახშივე წარuმატებლობისთვის განწირულად მიიჩნევს.
მისი აზრით, ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ალასანია ვერც მეფე იქნება და ვერც ლაზიერი, შესაძლოა „მხედრად“ ან „ეტლად“ გამოდგეს.
„როდესაც წლების წინ ირაკლი ალასანია აქტიურ პოლიტიკაში შემოვიდა თუ შემოიყვანეს, მისმა სხეულის ენამ და პირველივე საჯარო გამოსვლებმა დამარწმუნა, რომ მას აკლდა ლიდერობის ის „მარილი,“ რომლის გარეშე პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევ. ასეც მოხდა.
თუ არ ვცდები 2010 წელი იყო, ალასანია თბილისის მერობის კანდიდატი, მის ირგვლივ შემოკრებილია ოპოზიციური პარტიების „რვიანი,“ დამირეკეს ალასანიას შტაბიდან და მთხოვეს მივსულიყავი მოქალაქეებთან მის შეხვედრაზე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში შედგა.
აუდიტორიის წინაშე ალასანიას გამოსვლა ჩემთვის იყო კიდევ ერთი დადასტურება, რომ მისგან ლიდერი ვერ დადგებოდა.
მას აშკარად უჭირდა იქ შეკრებილებთან ისეთი კომუნიკაცია, რომელიც ხალხს რომ იტყვიან „აანთებდა.“ ალასანია ჭირის ოფლში იწურებოდა და ხელსახოცით ხშირად იწმენდდა შუბლზე მოხეთქილ ოფლს. როგორც წესი, ასე ემართებათ ხოლმე მათ, ვინც ეფექტური საჯარო გამოსვლის ხელოვნებას არ ფლობს, ძალად ცდილობს თავი ლიდერად მოაჩვენოს, თუმცა გულში ხვდება რომ ვერასოდეს ილიდერებს.
ალასანიას მიერ დაწყებული მოძრაობები პოლიტიკაში დასაბრუნებლად, ვფიქრობ ჩანასახშივე განწირულია. ის ვერც მეფე იქნება და ვერც ლაზიერი. „მხედრად“ ან „ეტლად“ შეიძლება გამოდგეს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.