leaderboard_below_slide
left_sabechdi

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი: „Forbes Georgia“-ს დეზინფორმაციული სტატიის მიზანი ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება კი არ იყო, არამედ ჟურნალისტი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა

„ცალსახაა ჟურნალისტის მცდელობა, უძრავ ქონებასთან და მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული აბსოლუტურად სტანდარტული სამართლებრივი პროცედურები, წარმოაჩინოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესაბამისი ორგანოების მხრიდან უჩა მამაცაშვილის ოჯახის მიმართ განსხვავებულ/განსაკუთრებულ დამოკიდებულებად“, – ნათქვამია უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებაში.

იგი ეხმიანება 2025 წლის 19 თებერვალს „Forbes Georgia“-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც უკავშირდება უჩა მამაცაშვილის ოჯახის კუთვნილ უძრავ ქონებას.

აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით, ამირან გიგუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით და ჩემი მარწმუნებლის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, რამდენიმე განმარტება გავაკეთოთ ჟურნალ ფორბსის ქართული გამოცემის მიერ 2025 წლის 19 თებერვალს გამოქვეყნებულ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ და დეზინფორმაციულ სტატიასთან დაკავშირებით.

ცალსახაა ჟურნალისტის მცდელობა, უძრავ ქონებასთან და მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული აბსოლუტურად სტანდარტული სამართლებრივი პროცედურები, წარმოაჩინოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესაბამისი ორგანოების მხრიდან უჩა მამაცაშვილის ოჯახის მიმართ განსხვავებულ/განსაკუთრებულ დამოკიდებულებად. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროდ მივიჩნიეთ საზოგადოებისათვის განვმარტოთ სტატიაში მოყვანილი რამდენიმე საკითხი:

– უჩა მამაცაშვილის ძმა, არჩილ მამაცაშვილი თბილისში, ბაგების სატყეო უბანში 90-იანი წლებიდან ფლობდა სტატიაში დასახელებული 10 მიწის ნაკვეთიდან ორ ნაკვეთს (1000 კვ.მ და 1000 კვ.მ), აღნიშნული ნაკვეთები არჩილ მამაცაშვილის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია 2008 წლიდან. სტატიაში აღნიშნული კიდევ ორი მიწის ნაკვეთის (437 კვ.მ და 542 კვ.მ) შესყიდვა 2018 წელს ნამდვილად მოხდა აუქციონის გზით. ამ ნაკვეთებიდან ერთი მდებარეობდა არჩილ მამაცაშვილის კუთვნილ ორ ნაკვეთს შორის, ხოლო მეორე კი იგივე ნაკვეთების მომიჯნავედ. ჟურნალისტი ხაზგასმულად მიუთითებს ნაკვეთების გაყიდვის დაბალ ფასსა და აუქციონში სხვა სუბიექტის მიერ მონაწილეობის მიუღებლობაზე, როგორც პრივილეგიაზე არჩილ მამაცაშვილისთვის, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან სააუქციონო ფასები დადგენილი იყო მიწის ნაკვეთების სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. საგულისხმოა, რომ ნაკვეთების კონფიგურაციიდან და ფართობიდან გამომდინარე თავად მერიის მიერვე განსაზღვრული იყო შეზღუდვა ამ კონფიგურაციით მშენებლობის აკრძალვის თაობაზე. შესაბამისად, ბუნებრივია, გარდა არჩილ მამაცაშვილისა, რომელიც შეძლებდა ახლად შეძენილი ნაკვეთების გაერთიანებას მის საკუთრებაში უკვე არსებულ მიწის ნაკვეთებთან, სხვა ნებისმიერი პირისთვის უსარგებლო იქნებოდა მათი შესყიდვა და აუქციონში მონაწილეობა.

– ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სტატიაში მოხსენიებული 10 მიწის ნაკვეთიდან არჩილ მამაცაშვილმა უსასყიდლოდ გადასცა საკუთარ ძმას მის საკუთრებაში არსებული 4 ნაკვეთი, ხოლო დანარჩენი 6 ნაკვეთი ლელა მამაცაშვილის მიერ შეძენილია სხვა მესაკუთრეებისაგან შესაბამისი საბაზრო ფასებით (ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის).

– ჟურნალისტის მიერ სტატიაში აღწერილია მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების და გაერთიანების აბსოლუტურად სტანდარტული პროცედურა. იმისთვის, რომ მესაკუთრეს შესძლებოდა მშენებლობის ნებართვის მიღება აუცილებლობას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთების გაერთიანება, თავის მხრივ გაერთიანებისთვის საჭირო იყო 10-ვე ნაკვეთს ჰქონოდა ერთნაირი მიზნობრივი დანიშნულება. რაც შეეხება მერიის მიერ რეგისტრირებული შეზღუდვის მოხსნას, ბუნებრივია ეს შეზღუდვები მოიხსნებოდა, ვინაიდან აუქციონის გზით შესყიდული ნაკვეთები, რომლებზეც შეზღუდვა ვრცელდებოდა, გაერთიანდა სხვა ნაკვეთებთან და კონფიგურაცია შეიცვალა.

– რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს. ნებართვა გაცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით. ჟურნალისტი ერთი მხრივ, უთითებს მესაკუთრის მიერ სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღების პროცედურის 2023 წლის ზაფხულში დაწყების თაობაზე და მეორე მხრივ, იქვე წერს ნებართვის 2 თვის ვადაში გაცემის თაობაზე. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა მოიცავს ორ ეტაპს, პირველი ეტაპია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, ხოლო მეორე ეტაპზე ხდება პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა. ამ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მიზნით წარმოება დაიწყო 2023 წლის 21 აგვისტოს და საბოლოოდ ამ პირობების შეთანხმება მოხდა 2024 წლის 10 აპრილს, ამ წარმოების ფარგლებში არაერთხელ დადგა შუალედური შედეგი და გადავადდა პასუხის მომზადება. პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის ეტაპი დაიწყო 2024 წლის 22 აპრილს, აღნიშნულ წარმოებაშიც ორჯერ დადგა შუალედური პასუხი და საბოლოოდ მშენებლობის ნებართვა გაიცა 2024 წლის 17 ივნისს. რეალურად მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესი ნაცვლად ჟურნალისტის მიერ ხაზგასმული 2 თვისა გაგრძელდა 10 თვემდე. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერი დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს არქიტექტურის სამსახურის საიტზე: tas.ge.

გარდა ზემოაღნიშნული ფაქტებისა, რომლის დამახინჯებულად წარმოჩენა და პოლიტიკური კონტექსტით ინტერპრეტაცია, ვფიქრობთ სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ისეთი გამოცემისათვის, როგორიც არის ჟურნალი ფორბსი და მისი ქართული გამოცემა, საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობთ ჟურნალისტის მხრიდან საკითხის ცალმხრივად გაშუქებასა და არაეთიკურ ქცევაზე. მართალია სტატიაში ჟურნალისტი აცხადებს, რომ ისინი მასალის მომზადების პროცესში დაუკავშირდნენ ბატონი უჩა მამაცაშვილის წარმომადგენელს, თუმცა მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, ბატონმა შოთა დიღმელაშვილმა, ასეთი კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია ვერ წარმოადგინა, ისევე, როგორც დაგვიდასტურა, რომ რეალურად სტატიის ავტორად მოხსენიებული ჟურნალისტი ანიტა მუსკარია, ბუნებაში არ არსებობს და მოგონილი სახელი და გვარია. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუკავშირდით ჟურნალის რედაქტორს, ბატონ შოთა დიღმელაშვილს, სტატიის ის ნაწილი, სადაც ეწერა, რომ თითქოს მისი მომზადების პროცესში ჟურნალისტმა მიმართა ბატონი უჩა მამაცაშვილის წარმომადგენელს, საერთოდ გაქრა.

ცალკე უნდა აღინიშნოს სტატიის სტრუქტურა და დიზაინი, სადაც მსხვილი პლანით, მკითხველის ყურადღების მისაპყრობად წარმოდგენილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფოტო და პოლიტიკური პასკვილის დონის მსჯელობა ივანიშვილის ოჯახის და მისი ნათესავების ე.წ. გავლენებზე, რაც ცხადს ხდის, რომ ამ წერილის მიზანი ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება კი არ იყო ბატონი უჩა მამაცაშვილის ოჯახის მიერ სრულიად კანონიერად შეძენილი მიწის ნაკვეთების შესახებ, არამედ ჟურნალისტი (რომლის სახელი და გვარი ისევე მოგონილი აღმოჩნდა, როგორც სტატიაში მოყვანილი ფაქტების უდიდესი ნაწილი) კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა.

ეს გარემოებები და სტატიის პოლიტიკური სპეკულაციით გაჟღენთილი სულისკვეთება ცხადად ადასტურებს მის არასერიოზულობას, რასაც ალბათ საზოგადოება საკუთარ შეფასებას მისცემს, თუმცა ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არის ჩემი მარწმუნებლის დისკრედიტაციის მცდელობისკენ მიმართული და ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ ჟურნალისტურ სტანდარტს, მოვითხოვთ გამოცემისგან თავად აღიაროს გამოქვეყნებული სტატიის დეზინფორმაციული ხასიათი და მოახდინოს მისი უარყოფა კანონით დადგენილი წესით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ