ფრიდრიხ მერცი: ტრანსატლანტიკური ურთიერთობა თუ განადგურდება, საზიანო იქნება ევროპისთვის და ძალიან ნეგატიურად აისახება აშშ-ზე

ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალისტური კავშირის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიას ახალი მთავრობა აღდგომისთვის ეყოლება. კანცლერობის კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი პრესკონფერენცია გამართა.
მერცის თქმით, აშშ-დან წამოსული სიგნალები მკაფიოდ მეტყველებს, რომ ევროპასთან თანამშრომლობის ინტერესი და სურვილი მცირდება, თუმცა ის შეეცდება დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მათ ინტერესშია კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ქონა, რადგან „თუ ტრანსატლანტიკური ურთიერთობა განადგურდება, ეს საზიანო იქნება ევროპისთვის და ასევე ძალიან ნეგატიურად აისახება აშშ-ზე“.
„მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევინარჩუნო კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები“, – განაცხადა მერცმა.
ამასთან, კანცლერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ აშშ-სთან დაძაბულობის მიუხედავად, NATO კარგად ფუნქციონირებას განაგრძობს.
ფრიდრიხ მერცის თქმით, მას კარგი საუბარი ჰქონდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერთან, მარკ რუტესთან, რომელსაც თავის მხრივ კარგი პირადი ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპთან და არის შანსი აშშ-სა და NATO-ს შორის კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობის შენარჩუნებისთვის.