გურიაში დიდთოვლობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მოხდა.
დაღუპულია ადგილობრივი მაცხოვრებელი, შუახნის მამაკაცი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მეზობლის დასახმარებლად წავიდა და ნგრევას ემსხვერპლა.
ასევე, უამინდობის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა, სადაც 75 წლამდე მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მამაკაცთან კომუნიკაცია ვერ მყარდება. მისივე თქმით, ხვალ დილით ტექნიკა გზის გასაწმენდად წავა, რომელსაც სამაშველო ჯგუფი გაჰყვება და მამაკაცის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ექნებათ.