კობა კობალაძე: როდესაც ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, შვილებს ვზრდით, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, დღეს ყველა მუხლმოდრეკით და ქედმოდრეკით ამოვდივართ ასეთ ადგილებზე, სადაც უკვდავება პოვეს ჩვენმა გმირებმა!..

დღეს, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის 104 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილეებმა – მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ და სამსახურის წარმომადგენლებმა, ტაბახმელაში, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალზე, დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, თბილისის მერი, კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„104 წლის წინ, ამ მიდამოებში იყო უდიდესი ბრძოლები, თავგანწირვის მაგალითები. ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მზად არის თავის სამშობლოსთვის საბრძოლველად, თავის საკუთრების დასაცავად. როდესაც ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, შვილებს ვზრდით, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, დღეს ყველა მუხლმოდრეკით და ქედმოდრეკით ამოვდივართ ასეთ ადგილებზე, სადაც უკვდავება პოვეს ჩვენმა გმირებმა. გვახსოვდეს ისინი, გვახსოვდეს ერთმანეთი და გვახსოვდეს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა უდავოდ იქნება ძლიერი, თავისუფალი და ლაღი!“ – განაცხადა კობა კობალაძემ.
1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ძირითადი ბრძოლები, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაზე, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.