პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რესტორან “წისქვილიდან” წილი მის ბებიას მემკვიდრეობით ერგო, მან კი მოსთხოვა “გადაეფორმებინა წილი უფასოდ ყველა სხვა პარტნიორზე”.
„ჩემი პრეზიდენტობის დროს ბაბუაჩემი გარდაიცვალა და ბებიაჩემს გადასცა მემკვიდრეობით თავისი წილი. აღმოჩნდა, რომ წილი ჰქონდა რესტორან „წისქვილში“. ეს ხმა მოვიდა ჩემამდე. იცით, რა გავაკეთე? მოვიყვანე ბებიაჩემი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მასაც ძალიან ვუყვარდი და, სამწუხაროდ, ხმის აწევით ვუთხარი, რომ გადაეფორმებინა წილი უფასოდ ყველა სხვა პარტნიორზე. მე ვუთხარი, რომ არავინ დაიჯერებს, რომ ბებიას და ბაბუას დარჩათ წილი. ბაბუაჩემს ეს წილი ჰქონდა ჩემს პრეზიდენტობამდე, იტყვიან, რომ ეს „წისქვილი“ ეკუთვნის სააკაშვილს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომავალ თაობებს დარჩებოდათ ეს ოქროს სტანდარტი, როგორ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი და როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მოღვაწე. არაფერი საკუთარი თავისთვის და ყველაფერი საკუთარი ქვეყნისთვის. ეს იყო და არის ჩემი პრინციპი, რომელიც დარჩება მუდმივად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 24 თებერვლის სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას.
რესტორნების ქსელი შპს “წისქვილი” ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მის მეპატრონეებს იძულებით დაათმობინეს. აღნიშნული საკითხით “კვირა” დაინტერესდა და გაარკვია, რომ ობიექტის მოწილე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია – მზია წერეთელი გახდა.
როგორც კომპანიის იურისტმა, გიორგი ქუთათელაძემ “კვირასთან” ექსკლუზიურად საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ბებია წისქვილის მეწილედ 2009 წლის 3 აგვისტოდან ფიქსირდება, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “ქართული ოცნების” დროს, შესაძლებელი გახდა, რომ ქონება პირვანდელ მფლობელებს დაჰბრუნებოდათ.
“როგორც მოგეხსენებათ, “წისქვილი” ის ერთ-ერთი კომპანიაა, რომლის წილების გადაფორმებაც განხორციელდა 2012 წლამდე, აღნიშნული განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებიაზე, მზია წერეთელზე. 2009 წლის 3 აგვისტოს უკვე გადაფორმდა მასზე წილები, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, დადგა ის პერიოდი, როდესაც შესაძლებელი გახდა მესაკუთრეთათვის ქალბატონ მზიაზე რეგისტრირებული წილების უკან გადაფორმება”, – განაცხადა კომპანიის იურისტმა.
“კვირამ” აღნიშნულ საქმეზე სხვა დოკუმენტური მასალაც მოიძია.
წყარო: “კვირა”; “1tv.ge”