უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორ მატჩიან დაპირისპირებაზე ბილეთების გაყიდვა იწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება TKT.GE-ზე.
ხოლო 20 მარტს, ერევანში დაგეგმილი შეხვედრის ბილეთების გაყიდვა 28 თებერვლის 12:00 საათიდან დაიწყება და ასევე TKT.GE-ზე იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, შეხვედრა ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს.
რა ეღირება ბილეთები?
თბილისში, საქართველო-სომხეთის თამაშის ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.
ერევანში, სომხეთი-საქართველოს მატჩის ბილეთის ფასი 10 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელფოსტა). მომხმარებელი მატჩის ელექტრონულ ბილეთს თამაშამდე 24 საათით ადრე მიიღებს“, – აცხადებენ ფედერაციაში.