leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე: პაციენტები, რომლებიც დიალიზს საჭიროებდნენ და გეგმური მანიპულაციები სჭირდებოდათ კლინიკებში გადაიყვანეს

ის პაციენტები, რომლებიც დიალიზს საჭიროებდნენ და გეგმური მანიპულაციები სჭირდებოდათ კლინიკებში გადაიყვანეს, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

„მსგავსი ტიპის სტიქია ალბათ ბოლო 40 წელია გურიას არ ახსოვს და შეუძლებელია სტიქიის მასშტაბი გათვალო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პირველივე წუთებიდანვე დაიწყო მობილიზება და ყველა მიმართულებით ტექნიკის გაშვება, რომ პირველ რიგში ხელმისაწვდომობა ყოფილიყო მაღალი. ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც საგანგებო სიტუაციების როგორც სამაშველოს მიმართულებით, ასევე სასწრაფო დახმარების კუთხით მობილიზება მოხდა მომენტალურად, თუნდაც მუხლუხებიანი სასწრაფოს მანქანის ჩამოყვანა, რაზეც ქილიკობდნენ ჩასაფრებული ოპოზიციონერები და მათი მედია. ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის ტექნიკამ, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა შეძენილი და შემდგომ ამ რეაგირებისთვის გამოიყენა, დღეს დილით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელიც სახურავიდან იყო ჩამოვარდნილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს იყოს ერთიანობა და არა მითითება და „ფეისბუქიდან“, სოციალური ქსელიდან პანიკის დათესვა ადამიანებში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მიზანმიმართულად ხდება სიტუაციის პოლიტიზება, რაც შემდგომში ადამიანებში პანიკას თესავს.

„იმდენად დიდი ნალექი მოვიდა ჩვენს რეგიონში, რომელიც გურიას არ ახსოვს და აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ გადაადგილების პრობლემები შეიქმნებოდა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტები ზამთრის სეზონისთვის არ ემზადებიან.

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ შენობის ჩამონგრევის შედეგად კონჭკათში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ ერთი ადამიანი არის ამ ეტაპზე კონჭკათში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი. დღეს დილით ერთი პაციენტი, რომელიც თოვლის წმენდის დროს გადმოვარდა სახურავიდან, ის ადამიანიც ჰოსპიტალიზებულია კლინიკაში. ასევე, განსაკუთრებით იყო აქცენტი ერთ-ერთ ოჯახთან დაკავშირებით, ხიმშიაშვილთან დაკავშირებით და შემიძლია გითხრათ, რომ მაგ ოჯახთან კომუნიკაცია შედგა. ნელ-ნელა ცდილობენ, რომ ყველგან შევიდნენ, ყველა მიმართულებაზე, რომ სრულად იყოს აღდგენილი ძირითადი გზები და ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ