ირაკლი ქარსელაძე: ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები როგორც საერთაშორისო, ასევე შიდასახელმწიფოებრივ გზებზე

“უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდასახელმწიფოებრივ გზებზე, შესაბამისი ტექნიკა არის მობილიზებული უკვე სოფლებამდე მისასვლელ გზებზე”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო ტექნიკა, ისევე, როგორც ადამიანური რესურსი, ადგილზეა.
„ყველა შესაბამისი სამინისტრო და სამსახური ჩართულია. კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტული გეგმის შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ კავშირის დამყარება მოხდება იმ მდებარეობებთან, სადაც ამ წუთში არ არის კავშირი.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზები ამ მომენტისთვის გაწმენდილია და გაგრძელდება სამუშაოები. ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა, თუმცა შესაბამისი პასუხი, როგორც მობილიზაციის, ასევე შესაბამისი სამუშაოებისა და ღონისძიებების თვალსაზრისით, გათვალისწინებულია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საქართველოს უმეტეს რეგიონში დიდთოვლობაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გუშინ გურიის რეგიონში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა. პრემიერის განცხადებით, სტიქიასთან საბრძოლველად სრულად იქნება კოორდინირებული და მობილიზებული ყველა უწყება.