გიორგი ურუშაძე: ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, პრემიერის ხელმძღვანელობით, შტაბის სხდომაზე გაიწერა კონკრეტული გეგმა, არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა

“სამწუხაროდ, უხვმა ნალექმა გურიის რეგიონში საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა”, – ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს ისეთი სოფლები, სადაც ჯერჯერობით, გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.
“ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სპეციალური შტაბის სხდომა, სადაც მიღებული იქნა კონკრეტული დავალებები, მითითებები, გაიწერა კონკრეტული გეგმა. ჩვენი არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა. აბსოლუტურად ყველა სოფელში, ყველა ოჯახში მივალთ. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის ძალები და ყველა მოქალაქის საჭიროება, პრობლემა უმოკლეს ვადებში აუცილებლად იქნება მოგვარებული”, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.