leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანა კაკაბაძე: თუ ხელისუფლების რეაგირებაზე ჩნდება პრეტენზიები, კრიზისის აღმოფხვრის შემდეგ იხილავენ, მაგრამ არსად არ ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას ხელისუფლებების დასამხობად

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე თოვლით გამოწვეულ პრობლემებზე ოპოზიციის რეაქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათთვის ხელისუფლების ჩამოშლისთვის ყველაფრის გამოყენებაა შესაძლებელი, თუნდაც ეს იყოს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ამის შედეგად შექმნილი სერიოზული პრობლემები.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, დღეს ხალხი მედიისა და ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად უყურებს მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რა სტიქიური უბედურებები ხდება, რაც ხშირად მცირე, დიდი ან უდიდესი მსხვერპლით მთავრდება. მისივე თქმით, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ აბრალებენ ამას ხელისუფლებას, ხოლო თუ ასეთ უბედურებაზე ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებაზე ჩნდება ხოლმე პრეტენზიები, ამას კრიზისის აღმოფხვრის შემდეგ ცივილიზებულად იხილავენ და არჩევენ მტყუან-მართალს, მაგრამ არსად არ ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას ხელისუფლებების დასამხობად.

„დიფ-სთეითი, სტიქია და ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიერ “ომის პარტიად“ წოდებული „დიფ სთეითის“ ქმედებები ყოველდღიურად იშიფრება. მსოფლიოს ეს ფარული და სიღრმისეული მმართველები ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას ისეთი დაჟინებით, მეთოდურად და უკომპრომისოდ ცდილობდნენ მთელი 3 წელი, რომ საქართველოში მათ „გლობალური ომის პარტია“ დაარქვეს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს „გლობალური ომის პარტიამ“, იგივე „დიფ სთეითმა“, თავისი ღირსების შელახვად ჩათვალა, ის ფაქტი, რომ უკრაინის მსგავსად აქაც ვერ დაანთო ცეცხლი რუსეთის წინააღმდეგ, ვერ მოდრიკა ეს პატარა ქვეყანა და აქ მცხოვრები „ერთი მუჭა ხალხი“. ეს იმ დროს, როდესაც მათ ამოუწურავი ფინანსები, მსოფლიო მასშტაბით უზარმაზარი გავლენები და შესაძლებლობები აქვთ. ამ მარცხის საპასუხოდ, დიდი მცდელობის მიუხედავად, დიფ სთეითმა, ისიც კი ვერ შეძლო, რომ საქართველოს სათავეში მათთვის სასურველი ხელისუფლება დაესვა.
ის, რომ უკრაინის ომში ჩართვის მომენტშიც და შემდეგაც, როდესაც ჩვენს ქვეყანასაც აიძულებდნენ იგივეს გაკეთებას, „დიფ სთეითმა“ ბრწყინვალედ იცოდა, რომ ამ ომში, რუსეთზე გამარჯვების შანსი არ არსებობდა (3 წლის წინ გამოთქმულ ჩვენს ამ მოსაზრებას დღეს აშშ-ს ახალი პრეზიდენტიც შემოუერთდა) მხოლოდ ნგრევას და უბედურებას მოუტანდა 40-მილიონიან უკრაინას (მით უმეტეს, 4-მილიონიან საქართველოს). მაშ რა იმალებოდა „დიფ სთეითის“ ომის გაგრძელების ამ დაუოკებელი სურვილის უკან? დრო ამ კითხვაზე პასუხს უფრო სრულყოფილად გასცემს, დღეს კი ჩვენ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა გვაინტერესებს.
ომი თავიდან ავიცილეთ, თუმცა ქვეყნის დესტაბილიზაციის, ეკონომიკის პარალიზების და ხელისუფლების დამხობისა და ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები ისევ დღის წესრიგში დგას. ქართველი ხალხის ბუნებრივი პატრიოტული გრძნობების ექსპლუატაცია და ამ გრძნობებით მანიპულაციას აქ ორგანიზებას უწევენ უცხოური აგენტურის ადგილობრივი წარმომადგენლები და არწმუნებენ საზოგადოებას, რომ „უწყვეტი პროტესტის“ კერის შენარჩუნება მოუტანს მათ წარმატებას და ბოლოს და ბოლოს დაამხობენ ხელისუფლებას. უფრო ფრთხილები ამას ეძახიან „ხელახალი არჩევნების“ დანიშვნის მიღწევას, თუმცა, უფრო გულწრფელი ნაცები პირდაპირ აცხადებენ, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ ხელისუფლების დამხობის შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში და ამ პარტიის მონაწილეობით არჩევნების ჩატარება შეიცავს მათი დამარცხების რეალურ საფრთხეს.
ხელისუფლების ჩამოშლისთვის კი ყველაფრის გამოყენება შესაძლებელია, თუნდაც ეს იყოს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ამის შედეგად შექმნილი სერიოზული პრობლემები. ასეთ დროს უნდა დაირაზმონ და, რადგან მათთვის სასურველი სისხლისა და სიკვდილის სუნი ეცათ, ამიტომ ხელისუფლებას უნდა დააბრალონ სტიქიური უბედურებაც, თოვლის მოსვლაც, გზების დაზიანებაც, სახლების დანგრევაც. როგორ, ამისთვის მზად არ უნდა ყოფილიყვნენ? – მრისხანედ კითხულობენ ვითომ ხალხზე მზრუნველი და სინამდვილეში სიკვდილის და სისხლის სუნზე დაგეშილი „პატრიოტები“. აგერ, გუშინ „მუდმივმა პრეზიდენტმა“ სალომემაც გამოიყენა საქართველოს ოკუპაციის თარიღი და ჯერ საყვედური უთხრა ხელისუფლებას, ოკუპანტი რუსეთი 25 თებერვალს „მიკიბულ-მოკიბულად“ ახსენა, აი, შეხედეთ, მე რა რიხიანად ვლანძღავ რუსებსო, ხოლო შემდეგ იმის მტკიცება დაიწყო, რომ სანამ ხალხმა არ შეუძახა, ხელისუფლებას ეძინა და არ ეხმარებოდა სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულებსო.
ისე, ამ უბედურებს ეს პროპაგანდა ან იდიოტებზე აქვთ გათვლილი, ან არქიფო სეთურის მრევლზე, რომელსაც ყველაფერი სჯერა, თორემ ის მაინც ხომ უნდა იფიქრონ, რომ დღეს ხალხი მედიისა და ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად უყურებს მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რა სტიქიური უბედურებები ხდება, რაც ხშირად მცირე, დიდი ან უდიდესი მსხვერპლით მთავრდება. არსად, არც ერთ ქვეყანაში არ აბრალებენ ამას ხელისუფლებას, ხოლო თუ ასეთ უბედურებაზე ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებაზე ჩნდება ხოლმე პრეტენზიები, ამას კრიზისის აღმოფხვრის შემდეგ ცივილიზებულად იხილავენ და არჩევენ მტყუან-მართალს, მაგრამ არსად არ ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას ხელისუფლებების დასამხობად“, – წერს ნანა კაკაბაძე.

ასევე იხილეთ