leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება

“საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო-ს დასკვნამ დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.

„საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები – 4 ოქტომბერს. ეუთოს დასკვნაში შავით-თეთრზე წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო. ოპოზიცია რომ არჩევნებში დამარცხდა, გაიბუტა და პარლამენტში არ შემოვიდა, ეს რეალობას არ ცვლის, პარლამენტი მუშაობს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები არ განიხილება. რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა: „სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები, არ ვიცი, რამდენი პარტია მიიღებს მონაწილეობას, შესაძლოა, იყოს ახალი პარტიები, ორგანიზაციები, რომლებიც არიან თქვენთან, ქუჩაში“.

ასევე იხილეთ