leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა

„მალე 2 წელი შესრულდება, რაც „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. 2 წლის წინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დაიწყო წარმოუდგენელი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენი ტერიტორიიდან მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთის წინააღმდეგ. ერთადერთი, ვისაც ამ უმძიმესი სცენარის თავიდან აცილება შეეძლო, ქართველი ხალხი იყო. ამისთვის კი ხალხს უნდა სცოდნოდა, თუ რა ხდებოდა პოლიტიკურ კულუარებში”, – ამ სიტყვებით მიმართა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ არჩეულმა თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს და გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა.

სოზარ სუბარმა შეკრებილ საზოგადოებას პარტიის დაფუძნების მიზეზებზე, ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მთავარ ამოცანად მან საზოგადოების ინფორმირება დაასახელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი თანამზრახველი უცხოური აგენტურის გასამართლება იქნება პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

„ჩვენ ხალხს ვუთხარით სიმართლე, რომელიც შოკის მომგვრელი იყო რადიკალური ოპოზიციის სახელს ამოფარებული უცხოური აგენტურისა და მათი პატრონებისთვის, სამაგიეროდ, სრულიად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის. პოლიტიკის ანაბანაა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, თავისი ინტერესებით მოქმედებს. სხვა ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარება კი, ყველაზე ადვილი მაშინ არის, თუ ამ ქვეყნის სათავეში საკუთარ აგენტურას მოიყვან. სწორედ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი აგენტურის მოღალატურმა პოლიტიკამ გამოიწვია 2008 წლის ომში საქართველოს ჩართვა და შედეგად, როგორც მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ამ ტრაგედიას უწოდა, საქართველოს ტერიტორიების „გეგმური“ ჩაბარება რუსეთისთვის.

2022 წელსაც ამ აგენტურას ჰქონდა დავალებული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ამიტომ ცდილობენ დღესაც ასე დაჟინებით თავისი აგენტების ხელისუფლებაში მობრუნებას მათი პატრონები. სწორედ ამ აგენტურის მოღალატური პოლიტიკის გაგრძელება იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა ხელი. ამ რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ხოლო ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს დააბრალეს, თითქოს მათ დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის საყოველთაო უფლებები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – 2008 წლის ომი იყო სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი.

ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ამ ღალატს და დამნაშავეები პასუხს აგებენ ქართველი ხალხის წინაშე. თუ არ გვეცოდინება სრული სიმართლე ამ ომის შესახებ, ძნელია ველაპარაკოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს – აფხაზებსა და ოსებს, ძნელია ვილაპარაკოთ ნდობის აღდგენაზე და გადავდგათ რეალური ნაბიჯები ჩვენი უმთავრესი ოცნებისა და საზრუნავის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. საქართველო ვერ გახდება სამართლებრივი სახელმწიფოდ, თუ არ შევაფასებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებს, ადამიანების წამების, მკვლელობისა და საკუთრების წართმევის სისტემურ დანაშაულებს და ბოლოს, თუ არ შევაფასებთ 2008 წლის ომში ქვეყნის ჩაბმას და ომის ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის მიტოვებას, რასაც ასეულობით ჩვენი მოქალაქის მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის დანაშაული, რასაც სხვა სახელს, გარდა სამშობლოს ღალატისა, ვერ ვუწოდებთ.

მხოლოდ აგენტურის გასამართლების შემთხვევაში შევძლებთ საბოლოოდ დავძლიოთ რადიკალიზმი და ე.წ. პოლარიზაცია და შევქმნათ გრძელვადიანი გარანტია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის. სანამ ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი თანამზრახველი არ გასამართლდება, მანამდე ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობის, დეოკუპაციის და ეროვნული ინტერესების ბოლომდე გატარება ერთიორად გართულდება. ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი თანამზრახველი უცხოური აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს საქართველო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ასევე იხილეთ