ზურაბ აბაშიძე: დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატული ნება არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლება და ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს ბოლოდროინდელი განცხადებები უგულებელყოფს ქართველი ხალხის ნებას და მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს“, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტს. ზურაბ აბაშიძის თქმით, ევროპის საბჭოს რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მიერ გაკეთებული განცხადებები პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მიმართული.
„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მოწოდება, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ დემოკრატიულ არჩევანს. დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატული ნება არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლება და ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. მით უმეტეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. სასურველია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იხელმძღვანელონ არა აღქმებით, არამედ რეალური ფაქტებით. გთხოვთ, დაუჯეროთ ფაქტებს და არა სუბიექტურ აღქმებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი გადახედავს თავის დამოკიდებულებას, რის შედეგადაც გაძლიერდება თანასწორი თანამშრომლობა.
„როგორც სუვერენული ქვეყანა, საქართველო მოწოდებულია, დაიცვას თავისი კონსტიტუცია და ვთვლით, რომ რეკომენდაციები უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნების კონსტიტუციურ პროცესებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თავის გამოსვლაში მედიაგარემოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული მედიასივრცე ნამდვილად მრავალფეროვანი და თავისუფალია. მისივე თქმით, ქვეყანაში მრავალი ოპოზიციური მედია მაუწყებლობს.